მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾50 მლნ-ის შემდეგ კიდევ ₾40 მლნ - მთავრობა რთველის სუბსიდიას ზრდის

632c2c3293a4b
შოთა ტყეშელაშვილი
22.09.22 14:01
802
"რთველი 2022" გადასახადის გადამხდელებს 90 მილიონი ლარი დაუჯდებათ - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვბეგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული მოსავლის მართვის კომპანია 40 მილიონი ლარის ყურძენს მევენახეებისგან პირდაპირი გზით შეიძენს. ამ პროცესისთვის კომპანიას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა ესაჭიროება. 16 აგვისტოს კომპანიამ ₾50-მილიონიანი შესყიდვის თანხმობაც მიიღო.

2017 წლიდან მოყოლებული საქართველოს მთავრობა ბაზარზე არსებულ ჭარბ ყურძენს პირდაპირი კონტრაქტის მეშვეობით ყიდულობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ბიუჯეტი იხდის ყურძნის ფასს, რადგან “ბაზარზე გაუყიდავი ყურძენი არ დარჩეს”. 

საქართველოში წელს 280 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელიან. ამ მოცულობის დაახლოებით ერთ მესამედს სახელმწიფო კომპანია შეისყიდის.

მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული კომპანია ამ ყურძნისგან სპირტს ხდის და მას ამარაგებს, შემდგომ კი აუქციონების მეშვეობით ყიდის.

2017 და 2018 წლებში სუბსიდია 40 მილიონი ლარი იყო, რაც 2019 წელს 80 მილიონამდე, 2020-ში 104 მილიონ ლარამდე, 2021 წელს კი 138 მილიონ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, სუბსიდირების ზრდასთან ერთად ბაზარზე სახელმწიფო ჩარევაც მზარდია.