მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

500 Georgia - ბიზნეს აქსელერატორი, რომელიც ინოვაციურ სტარტაპებს ზრდაში ეხმარება

5fc9ec0f5a7d4
შოთა ტყეშელაშვილი
04.12.20 13:45
1476
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Startups-ი აქსელერაციის პროგრამას აგრძელებს. პროექტი რეგიონის მასშტაბით 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება, მონაწილე კომპანიებს შორის კი, წარმოდგენილი არიან როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიები, რომლებიც ქართულ კომპანიებად დარეგისტრირდებიან და გახდებიან ქათული ეკოსისტემის წევრები. ამჟამად აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადი მიმდინარეობს, სადაც 15 კომპანიაა ჩართული. ესენია: Activechat, Agrolabs, Argonavti, Arealy, B2C.GE, Citycom, Corebook, Extra.ge, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, Trice, YouTravel.me,

ბიზნეს აქსელერატორის 500 Georgia-ს მეორე ნაკადში შერჩეული სტარტაპებისთვის აქსელერაციის პროცესი - ონლაინ ,,ბუთქემფი“ მიმდინარეობს და ის 11 დეკემბრამდე გაგრძელდება. კურსი, როგორც ლექციებსა და ვორქშოფებს, ასევე, მენტორებთან პირად შეხვედრებს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში აქსელერაციის მონაწილეები საბაზისო, ფუნდამენტურ საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: პროდუქტის განვითარება, მომხმარებელი, გაყიდვები და სხვა.

BMG პროგრამის მიმდინარეობის შესახებ მის რამდენიმე მონაწილეს, ლატვიური სტარტაპის Corebook-ის CEO-ს იანის ვერზემნიეკსსა და B2C.GE-ის თანადამფუძნებელს და დირექტორს ქეთევან ვაჩიბერიძეს ესაუბრა. მათი თქმით, პროგრამაში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ 500 Georgia-ს პროგრამა კომპანიებისთვის იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ რეკომენდაციები იმის შესახებ თუ როგორ არის შესაძლებელი სტარტაპის სწრაფი განვითარება და მისით ახალი ინვესტორების დაინტერესება.

როგორც B2C.GE-ი, ასევე, Corebook-ი საკუთარ მომსახურებას ბიზნესებს სთავაზობენ - B2C.GE არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც კომპანიებს ონლაინ-მაღაზიის შექმნა და მისი ეფექტიანად მართვა შეუძლიათ. Corebook-ი კი არის ხელსაწყო ბრენდ მენეჯერებისთვის, რათა საკუთარი კომპანიის თუ პროდუქტის ბრენდის პრეზენტირება მოახდინონ.

Corebook-ის CEO იანის ვერზემნიეკსი BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ 500 startups-ში მონაწილეობის მიღება მათთვის არის უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რათა მსოფლიოში აღიარებული მენტორებისგან ბიზნესის განვითარების გზებზე მიიღონ რეკომენდაციები.

“Corebook-ი არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური კომპანია. ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ ბრენდ დიზაინის ხელსაწყოს, არამედ ვყიდით იმ თავდაჯერებას, რასაც ეს ხელსაწყო ჩუქნის მათ, ვინც საკუთარი ბრენდის განვითარებაზე მუშაობენ. ბრენდის შექმნის გაიდლაინები და ინტერაქციული დიზაინის ხელსაწყოები შესაძლებელს ხდის დიზაინი კომპიუტერული კოდირების გარეშე შეიქმნას, რასაც ხელს ჩვენი პლატფორმის მოქნილი დიზაინი უწყობს ხელს.

შეძენილი გამოცდილება ფაქტობრივად ფასდაუდებელია. მსოფლიო კლასის მენტორების მიერ შედგენილი პროგრამა, რომელსაც საგანმანათლებლო მოდულები აქვს იმისთვის, თუ როგორ უნდა მოხდეს ბიზნესის აქსელერაცია არის კარგი გამოცდილება მოქმედი თუ დამწყები სტარტაპებისთვის,” - ამბობს იანის ვერზემნიეკსი.

B2C.GE-ის ხელმძღვანელი ქეთევან ვაჩიბერიძე კი, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს სტრატაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის 500 Georgia-ს მსგავს აქსელერატორებს მნიშვნელოვალი როლის შესრულება შეუძლიათ.

თავად კომპანიის პროდუქტის შესახებ საუბრისას კი, B2C.GE-ის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მათი სერვისით დღეს ასობით კომპანია სარგებლობს და საქართველოს ელექტრონული კომერციის სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილი შეაქვთ.

“B2C.GE არის SAAS პლატფორმა, მაღაზიის გახსნისთვის არ არის საჭირო საწყისი ინვესტიცია, პირველი 30 დღე სარგებლობა სრულიად უფასოა და მხოლოდ შემდეგ იწყებს მეწარმე ყოველთვიურად 99 ლარის გადახდას. ეს მიდგომა ელ-კომერციაში უკვე უალტერნატივო ხდება მსოფლიოს მასშტაბით. გარდა საწყისი მსხვილი ინვესტიციების დაზოგვისა, მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მეწარმეს ყოველთვის აქვს მუდმივად განახლებად პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომა, ანუ არ სჭირდება არანაირი განახლებები და მასთან დაკავშირებული ხარჯები.

უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველი ონლაინ მაღაზია შეიქმნა ჩვენი პლატფორმის გამოყენებით და დღეის მდგომარეობით, ვართ უპირობო ლიდერები ადგილობრივ ბაზარზე, ვემსახურებით რამოდენიმე ასეულ მეწარმეს, მათ შორის არიან როგორც საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მსხვილი, საშუალო თუ მცირე ზომის კომპანიები და მეწარმეები.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მონაწილეობა მივიღეთ რამდენიმე სართაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციაში, გვქონდა შეხვედრები სფეროს ექსპერტებთან, ძალიან წარმატებულ სტარტაპებთან სილიკონ ველიდან, ასევე პოტენციურ ინვესტორებთან. მათგან წამოსული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რჩევა იყო, რომ გაგვევლო აქსელერაციის პროგრამა, მაგრამ აქცენტი გაგვეკეთებინა მხოლოდ ძალიან წარმატებულ და ავტორიტეტულ აქსელერატორებზე. კონკრეტული სამი მათგანიც გაგვიჟღერეს (Y Combinator, 500 Startups, Techstars). ამ ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე თვეში გავიგეთ, რომ 500 Startups საქართველოში შემოდიოდა, ამ მომენტიდან გუნდში უკვე ყველასთვის გასაგები იყო, რომ ასეთი შანსი ხელიდან არ უნდა გაგვეშვა,” - ამბობს ვაჩიბერიძე.

500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი “Unicorn” სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მთელი მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს.