მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

500 Georgia-ს გამარჯვებული სტარტაპები Silicon Valley-ზე Demo Day-სთვის ემზადებიან

611386878d12d
BM.GE
11.08.21 12:11
733
4 ქართული სტარტაპი, რომელმაც წარმატებით გაიარა 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა და გამარჯვებაც მოიპოვა, უკვე 6 დღეა „სან-ფრანცისკოში“ სტარტაპებისთვის საოცნებო ადგილას, Silicon Valley-ზე იმყოფება და იქ მნიშვნელოვან გამოცდილებას აგროვებს. მათ წინ საინტერესო ამბები, ინვესტორების წინაშე პრეზენტაციების წარდგენა ელოდებათ, რაშიც ჩვენ მათ წარმატებებს ვუსურვებთ, თუმცა მანამდე სტარტაპები სილიკონ ველიდან გვიზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს.

„სილიკონ ველი საუკეთესო ადგილია ახალგაზრდა, განვითარების ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის. აქ ჩამოსვლისას რამდენიმე მიზანი დავისახეთ. პირველი მათგანი ფონდების მოძიებას ეხება. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ინვესტორის წინაშე წარვადგინოთ კომპანიები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაშია დაფუძნებული და აშშ-ში გაფართოების დიდი პოტენციალი აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენც ერთ-ერთი ასეთი კომპანია ვართ ”,- ამბობს მაიკლ ლაზარენკო, Agrolabs-ის თანადამფუძნებელი. მისივე თქმით ეს ამბიცია მათ მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც 500 Georgia-ს პროგრამის გამარჯვებულები გახდნენ და ამ შესაძლებლობასთან სულ უფრო ახლოს მივიდნენ. „500 Georgia შესანიშნავი პროგრამაა, რადგან ის უზრუნველყოფს იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს, რაც განვითარების დონეზე მყოფ კომპანიას ესაჭიროება. მენტორინგი და ლექციები კი, რასაც პროგრამა ითვალისწინებს, ძალიან მნიშვნელოვანია. ის გეხმარება დააფუძნო ისეთი ბიზნესი, რომელსაც გაფართოების პოტენციალი აქვს და აირიდო ძვირად ღირებული შეცდომები“,- ამბობს მაიკლი.

კიდევე ერთი სტარტაპი, რომელმაც აქსელერციის პროგრამის შემდეგ შეძლო საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა და დღეს უკვე სილიკონ ველიდან შეეცდება კომპანიის მასშტაბირებას, ეს Cargon-ია. „სანამ 500 სტარტაპში მივიღებდით მონაწილეობას, ჩვენ ვიყავით მხოლოდ საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილი პატარა კომპანია. ახლა კი უკვე რამდენიმე ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და ეს პროგრესი სულ უფრო შესამჩნევია. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა 500 Georgia-ს გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა წარმატებების და თანაც ისეთ ტემპებში მიღწევა, რასაც ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მივაღწიეთ. ახლა კი ვართ აქ, ადგილზე, სადაც ყველა სადღაც მიიჩქარის, რაღაც, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. ესაა ადგილი ცნობილი კომპანიების სახელებით, ოფისებით, რომლებიც მსოფლიოს მართავენ და რაც ასე ხელმისაწვდომია ახლა ჩვენთვის“,- ამბობს შაკო ჯალაბაძე, Cargon-ის თანადამფუძნებელი.

„ყველაზე საინტერესო, რასაც ვხედავთ, ზოგადად, სან-ფრანცისკოში და აქაურ სტარტაპ აურაში, ასე ვთქვათ, არის ის, რომ Status quo-ები აქ არ არსებობს“, - ამბობს გეგა წურწუმია, კიდევ ერთი სტარტაპის Payze-ს თანადამფუძნებელი და გვიზიარებს რომ, როცა რაღაც იდეა გრანდიოზულად მიგაჩნია, სილიკონ ველიზე ჩამოსულს ყველაფერი პატარად გეჩვენება და ყველაფერს ერთგვარად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ − „მართლა იმდენად დიდია ეს იდეა, რამდენადაც გეგონა? იქნებ, ბევრად მეტი შეგიძლია?“,- ამბობს გეგა.

მისივე თქმით 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია. „კაპიტალზე წვდომა უკვე ბევრად მარტივია, ისეთი სტარტაპებისთვის, რომლებიც არიან საქართველოდან, აღმოსავლეთ ევროპიდან, პოსტსაბჭოთა სივრციდან თუ სხვა განვითარებადი ეკონომიკებიდან ვიდრე ეს იყო 5 ან ა10 წლის წინ. თუმცა, დღეს ჩვენ აქ ჩამოსვლით, 500 სტარტაპის დახმარებით თუ ჩვენი კონტაქტებით, ისეთ ინვესტორებს, მარკეტერებს, მენტორებს ვხვდებით, რომლებზეც 5 წლის წინ ალბათ ჩვენი რეგიონის სტარტაპები ვერც კი იოცნებებდნენ“,- ამბობს გეგა წურწუმია.

Cardeal- ის თანადამფუძნებელი ზურა ბაკურიძე კი იმ გამოცდილებას გვიზიარებს, რაც უკვე მიიღო სილიკონ ველიზე. „ აქ თანხის მოზიდვა ბევრად უფრო მარტივია, ასე ამბობენ, ვიდრე ევროპასა და აზიის ქვეყნებში. მაგრამ, ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, რისი გაკეთება გინდა და როგორ აპირებ ამას. ასევე ვისწავლეთ ისიც, რომ სილიკონ ველიზე ინვესტორთან კომუნიკაციის დროს მხოლოდ ნახევარი წუთი გვაქვს. კომპანიის შესახებ ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ნახევარ წუთში უნდა მივცეთ ინვესტორს შეგრძნება, იმისა თუ რას ვაკეთებთ და განსაკუთრებით, იმ ეტაპზე სადაც დღეს ჩვენ ვართ. ასევე მათთვის მნიშვნელოვანია გუნდი, ბაზარი. ის თუ რა მარკეტზე ვართ“,- ამბობს ზურა და დასძენს რომ ზოგადად, სილიკონ ველი არის ადგილი, სადაც ჭკვიანი ადამიანები ხვდებიან დიდ ფინანსურ კაპიტალს, ახორციელებენ თავიანთ იდეებს, იზრდებიან, მასშტაბირდებიან.

„აქ მოხვედრა ძალიან მარტივია, მაგრამ როდესაც აქსელერაციის ფარგლებში ჩამოდიხარ, სულ სხვა გარემო გხვდება და ბევრად უფრო მარტივად ადაპტირდები. 500 სტარტაპის მედიაციის საშუალებით ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რომ შევხვდეთ საინტერესო ინვესტორებს, რომლებიც მოგვისმენენ“,- ამბობს ზურა

სულ მალე სტარტაპები Demo Day-ზე ინვესტორების წინაშე წარსდგენიან და „მონაგარსაც“ მალე დავითვლით, თუმცა მანამდე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამამ უკვე მოიტანა დიდი ცვლილებები მასში მონაწილე სტარტაპებისთვის. პროგრამის დასაწყისში აქსელერაციაში მონაწილე 30-ვე კომპანიის საერთო ღირებულება, დაახლოებით, 25 მილიონ დოლარს შეადგენდა. დღეს კი კომპანიების საერთო ღირებულება უკვე 55 მილიონ დოლარს აღწევს.