მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი-რუსთავის მაგისტრალის პრობლემური ნაწილი დაკონსერვდება, ADB-იმ სესხი უკან წაიღო

616a6db2eb809
დავით ჯალაღონია
16.10.21 10:21
9591
თბილისი-რუსთავის მაგისტრალის ფონისჭალის მონაკვეთის მშენებლობა შეჩერებულია და აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოები დაკონსერვდება - ამის შესახებ BMG-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა განუცხადა.

მისი განმარტებით, პროექტის შეჩერების მიზეზი ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობაა, რადგან მათთან განსახლების პირობებზე შეთანხმება ვერ მოხდა, პროცესის გაჭიანურების გამო კი დონორმა (აზიის განვითარების ბანკი), რომლის სახსრებითაც გზის ამ აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსება იგეგმებოდა, საქართველოს მთავრობასთან სესხის განაცხადის დახურვა მოითხოვა.

"რეალურად, ამ ეტაპისთვის შეჩერებულია გზის მშენებლობა. ის, რაც უკვე აშენებულია, იმის დაკონსერვება და მოვლა განხორციელდება და ასევე, შემამსუბუქებელი ღონისძიებები, რომ ის ტერიტორია, რომელიც იყო გამზადებული და სადაც მოწყობილი იყო მიწაყრილი, მისი მოწესრიგება უნდა მოხდეს. მოსახლეობასთან შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული და იქიდან გამომდინარე, რომ სესხიდან ფინანსდებოდა ეს პროგრამა და სესხის ხელმისაწვდომობის ვადა იწურებოდა, დავხურეთ ეს სესხი. დონორმა გვთხოვა და დავხურეთ.

შესაბამისად, ამ გზისთვის, ამ ეტაპისთვის სესხის თანხები ხელმისაწვდომი აღარ არის, თუმცა როგორც კი მოსახლეობასთან იქნება შეთანხმება მიღწეული და როგორც მოგეხსენებათ, ეს შეთანხმება არის განსახლებიდან გამომდინარე ერთ კვადრატულ მეტრზე არსებული თანხის ოდენობაზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნება თანხა გამოყოფილი იმისთვის, რომ ეს მონაკვეთი სრულად დასრულდეს", - განაცხადა მზია გიორგობიანმა და აქვე დასძინა, რომ გზის ეს მონაკვეთი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რუსთავისთვის, არამედ სატრანზიტო თვალსაზრისით.

"თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ უკვე დაგეგმილია ჩვენს სასაზღვრო ქვეყნებთან მისასვლელი გზების სრულად რეაბილიტაცია-მშენებლობის ნაწილი და მოლოდინი გვაქვს, რომ გაიზრდება სატრანზიტო (გადაზიდვები), ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთის სიგრძე 6.8 კილომეტრია. პროექტი 2014 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაიწყო და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა. როგორც BMG-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, გზის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა დასრულებულია. სამუშაოებზე 184 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა.

საერთო ჯამში, თბილისი-რუსთავის ახალი მაგისტრალი 17.4 კილომეტრზე იყო დაგეგმილი.