მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით განფასებაზე დიალოგი დაიწყო - სამუშაო ჯგუფების პოზიციები

5dfcae932deb1
ინგა მურუსიძე
20.12.19 15:52
1165
"შეიძლება რაღაცა სტანდარტების მომატებით კმაყოფილი იყოს რამდენიმე კლინიკა და საჯარო გაბრაზებები შემცირდეს, მაგრამ არ მგონია ამან რეალურად რაიმე ხელშესახები შედეგი მოიტანოს", - ამის შესახებ bm.ge-ს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა ვახტანგ კალოიანმა განუცხადა.

კალოიანმა ისაუბრა ჯანდაცვის განვითარების საბჭოს დაქვემდებარებაში შექმნილი სამუშაო ჯგუფებში განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სამინისტროსთვის გადასაცემი წინადადებების განხილვები მიმდინარეობს.

"პირველ ეტაპზე გაიმართა ღია შეხვედრა სამინისტროს ხელმძღვანელობის და პარლამენტის მონაწილეობით. რეალურად ეს შეხვედრა იყო სამედიცინო საზოგადოების აქტიურობის შედეგი, თუმცა სამინისტროს სტილი არის იგივე, როგორიც იყო აქამდე. ის ცდილობს სტრატეგიული გადაწყვეტილების ნაცვლად შეგვიყვანოს მარტივ ვაჭრობაში სტანდარტების ფასებთან დაკავშირებით. ეს არის მთელი პრობლემა. ეს რეფორმა არათანმიმდევრული იყო და სულისკვეთება რჩება იგივე. მათ დაინახეს, რომ კრიზისი არის, გამოსავალი უნდა იპოვონ და ამ გამოსავლის პოვნას ცდილობენ რაღაცა ფასების წამატებით გარკვეულ დაავადებებზე. სამწუხაროდ, ეს რაიმე გარკვეულ შედეგს არ გამოიღებს. შესაძლოა, მცირე ამოსუნთქვა იყოს კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებისთვის, თუმცა მე არ მგონია, რომ პაციენტისთვის ეს ხელშესახებად სასარგებლო ვერ იქნება.

ასევე, დახურულ შეხვედრაზე საუბარი იყო ტექნიკურ პროფესიულ დეტალებზე და სამინისტრო ზუსტად ამ მიმართულებით გამოთქვამს მზადყოფნას, რომ რამდენიმე კოდს წაუმატოს რაღაცა. საუბარია დეფიბრილატორებზე, ასევე რაღაცა რეანიმაციის შემთხვევაში რეაქტიურ შოკზე, თუმცა სისტემური მსჯელობა ისეთი, როგორიც არის სამედიცინო დაწესებულების და პაციენტის უსაფრთხოების დაცვა, ლიცენზირება, უსაფრთხოების კლინიკური სტანდარტების დაცვა და ა.შ, როგორც არ იდგა აქამდე დღის წესრიგში, ისე არ დგას ახლაც", - განაცხადა კალოიანმა.

მისივე თქმით, განფასების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა განფასების საკითხის მოგვარება ძირითადი პრობლემების მოგვარების გარეშე კიდევ უფრო ხიფათის შემცველია.

კალოიანის თქმით, თუ არ გადაწყდება კლინიკური სტანდარტების საკითხი და უსაფრთხოების საკითხი სამედიცინო დაწესებულებების, მაშინ იგივე სტანდარტის დატოვება იქნება შავი ხვრელებში ფულის გადინების მაღალი რისკების შემცველი.

"სამედიცინო საზოგადოების დიდი ნაწილი და მეც მათ შორის იგივე აზრზე ვრჩებით, რომ სისტემური ცვლილების გარეშე აზრი არ ექნება. შეიძლება რაღაცა სტანდარტებს მოვუმატოთ, ამით კმაყოფილი იყოს რამდენიმე კლინიკა და საჯარო გაბრაზებები შემცირდეს, მაგრამ არ მგონია რეალურად რაიმე ხელშესახები შედეგი მოიტანოს ამან. ახლა არანაირ ეტაპზე არ ვართ. ახლა რეალურად არის მუშაობა გარკვეული სტანდარტების ფასების აწევაზე. საუბარი არის კრიტიკულ მედიცინაში რამდენიმე სამი-ოთხი განსაკუთრებნით რთულად მიმდინარე დაავადებები, რომლებზეც სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, რომ დაიწყოს მსჯელობა. დაახლოებით ამ ეტაპზე ვართ", - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

მისი განმარტებით, სამუშო ჯგუფები წინადადებებს შეიმუშავებენ, შემდეგ დათვლიან და მსჯელობას დაიწყებენ. 

"სამინისტრო გვეუბნება, ჯერ შეჩერდით, მერე დაგვარწმუნეთ და თუ დაგვარწმუნებთ, მერე იქნება შედეგი", - განაცხადა კალოიანმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის განვითარების საბჭოს პირველი სხდომის შემდეგ ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. სამუშაო ჯგუფებმა უკვე ორი შეხვედრა გამართეს და ისინი წინადადებების მომზადებაზე მუშაობენ.