მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

55 მლნ-იანი ვალის დაფარვის გრაფიკი, რომელსაც მინისტრი წლის ბოლომდე ელოდა, ჯერ ვერ შედგა

5e15d22e39ccf
ინგა მურუსიძე
08.01.20 18:20
2912
"მინდა, ტელევიზიები ორ კვირაში მოვიდნენ და წარმოადგინონ საგადასახადო ტვირთის გადანაწილების და შემსუბუქების პროექტი", - ამ სიტყვებით მიმართა 2019 წლის 14 აგვისტოს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ტელევიზიების მფლობელებს, რომლებსაც წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ათეულობით მილიონის საგადასახადო დავალიანება  დაუგროვდათ. კერძოდ, საუბარია სამ ტელევიზიაზე და შესაბამისად, მათ ვალზე: "რუსთავი 2" - 28 მლნ ლარი, "იმედი"-19 მლნ ლარი და "მაესტრო"- 8 მლნ.

მოგვიანებით პარლამენტში გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, 2019 წლის ბოლომდე ტელევიზიებთან შეთანხმებას მიაღწევდნენ. "მე მგონია, რომ წლის ბოლომდე მივაღწევთ შეთანხმებას, უნდა მიგვეღწია მანამდეც, უნდა მიგვეღწია ნოემბრის დასაწყისში, ვერ ვაღწევთ ამ შეთანხმებას, იმიტომ რომ უჭირთ, ვერ იღებენ ამ ვალდებულებას. ეს არის გულწრფელი და ღია პასუხი. მეტს მე ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა 28 ნოემბერს. 

ზაფხულში ფინანსთა მინისტრმა ისიც თქვა, რომ საგადასახადო დავალიანების დაგროვების და გადავადების "მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულებულიყო" და 2019 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში მოქმედ ყველა ტელეკომპანიას და სახელმწიფოს შორის საგადასახადო ურთიერთობის ახალი ეტაპი უნდა დაწყებულიყო ანუ მიმდინარე საგადასახადო დავალიანება უნდა გადაეხადა ყველას. ეს დათქმა თუ პირობა სამინისტრომ წარმატებით შეასრულა და დეკემბერში ტელეკომპანიებს, რომელთაც მიმდინარე დავალიანება ჰქონდათ, შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო. მათ რიცხვში მოხვდა  "TV პირველი", „კავკასია“ და „რუსთავი 2“. ინკასოდადებული ტელევიზიების მფლობელების ნაწილი ღიად აპროტესტებს, რომ „მათი კოლეგების ნაწილს მილიონიანი დავალიანებები აქვს გადასახდელი, ხოლო რამდენიმე ათასიანი დავალიანების გამო მათ ანგარიშებს ინკასო დაედო“.

bm.ge დაინტერესდა - როგორ მიმდინარეობს ტელევიზიებთან მოლაპარაკების პროცესი და სავარაუდოდ, როდის გახდება ცნობილი, რა პირობით და რა ვადაში გადაიხდიან ტელევიზიები წლების განმავლობაში დაგროვილ 55 მლნ ლარის დავალიანებას. 

„უახლოეს პერიოდში დასრულდება დაგროვილ დავალიანებაზე გრაფიკის შეთანხმების პროცესი“, - ამ მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ ფინანსთა სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ვანო მაჭავარიანმა თქვა, რომ ტელეკომპანიებმა მილიონიანი ვალის დაფარვის 10-წლიანი გეგმები წარადგინეს და საშეღავათო პერიოდიც ითხოვეს, თუმცა სამინისტრომ მათი ეს წინადადება არ მიიღო და შესაბამისად, tv-ებმა ახალი შეთავაზების მომზადება დაიწყეს.

bm.ge 55 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანების მქონე ტელევიზიების წარმომადგენლებსაც ესაუბრა იმის გასარკვევად, თუ რა ახალი შეთავაზება აქვთ ტელევიზიებს ფინანსთა სამინისტროსთან და არსებობს თუ არა რაიმე გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა შედგეს გრაფიკი და ტელეკომპანიებმა წლების განმავლობაში დაგროვილი ვალის გადახდა დაიწყონ.

ტელეკომპანია „იმედის“ და „მაესტროს“ იურისტი ანდრო ლაშხი:  "კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვაპირებთ შეხვედრას და იმედი გვაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ. ამ დღეებში ნამდვილად არაფერი ყოფილა, თუმცა მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობს. ერთი რამ აბსოლუტურად დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო თეთრამდე გადავიხდით დავალიანებას სრულად, რაც გაგვაჩნია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმგვარად, რომ ტელევიზია დახურვის საფრთხის წინაშე არ დადგეს. ვალის ჩამოწერაზე, პატიებაზე და ა.შ. საუბარი არ ყოფილა და გონივრულ ვადებში დავალიანებას დავფარავთ“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი პაატა სალია: „ჯერ საბოლოოდ არ ვართ ჩამოყალიბებული, რა გეგმას შევთავაზებთ, თუმცა, სავარაუდოდ, თვის ბოლოსკენ გვექნება ახალი წინადადება. რაიმე დადგენილი ვადები არ არსებობს. კანონით შემოსავლების სამსახურს ახლაც შეუძლია სრული თანხა მოითხოვოს, თუმცა ვთვლი, რომ ასეთი მიდგომა უსამართლობა იქნება, ვინაიდან მათმა უმოქმედობამ შეუწყო ხელი წინა მენეჯმენტს დაეგროვებინა ვალი რამდენიმე წლის განმავლობაში“.