მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$570-მილიონიანი ინტერვენციების შედეგები - რა გამყარებას იწვევდა თითოეული აუქციონი

5f93e7f6af0cc
შოთა ტყეშელაშვილი
24.10.20 14:30
1547
2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად და ბაზარზე აშშ დოლარის ლიკვიდური აქტივების გასაზრდელად ჯამში $569.65 მილიონი დოლარის მოცულობის 18 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა.

ყველაზე მკვეთრად ეროვნული ვალუტა საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდგომ გაუფასურდა. პირველ მარტს ერთი აშშ დოლარი 2.79 ლარი ღირდა, ორი კვირის ვადაში დოლარის გაცვლითმა კურსმა ჯერ 2.99-ს მიაღწია, შემდეგ კი პიკურად გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულება 3.40 ლარს გადასცდა. ლარის არსებობის ისტორიაში დოლარის მაქსიმალური კურსი 2020 წლის 27 მარტს იყო, როდესაც ერთი დოლარი 3.48 ლარი ღირდა.

ასეთი მერყეობის შესამცირებლად, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციების განხორციელება 13 მარტს დაიწყო და $20 მილიონი დოლარი გაყიდა. მარტში სებ-მა სამი სავალუტო აუქციონი გამართა და $100 მილიონი გაყიდა. თვის ბოლოს ლარი საგრძნობლად გამყარდა, რაც მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას და დონორების მხრიდან საქართველოსთვის გადაუდებელი დახმარების გამოყოფისთვის გაცხადებულ მზადყოფნას უკავშირდებოდა. აპრილში დოლარის ღირებულება 3.15 ლარი გახდა. ამავე თვეში სებ-მა მხოლოდ ერთი ინტერვენცია განახორციელა და $20 მილიონი დოლარი გაყიდა.

ივნისში ლარი შედარებით გამყარდა და დოლარის ღირებულება 2.95 ლარი გახდა, თუმცა მალევე კურსი კვლავ გაუფასურდა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად ტურიზმის შესახებ შეცვლილ მოლოდინებს უკავშირდებოდა, რადგან საზღვრების გახსნა მთავრობის მიერ თავდაპირველად დაპირებული გეგმით არ წარიმართა და ის რამდენჯერმე გადაიდო.

აგვისტოს ბოლოდან კი ლარის ხელახალი გაუფასურება დაიწყო, რის პარალელურადაც, სებ-მა რეზერვების გაყიდვის უფრო აქტიური პოლიტიკა დაიწყო. თუმცა, სექტემბერში რამდენიმე ინტერვენციის დღეს ლარი დოლართან მიმართებით გამყარების ნაცვლად გაუფასურდა, რასაც სებ-ი განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინტერვენციის უშუალო მიზანს არა ლარის კურსის გამყარება, არამედ ბაზარზე უცხოური ვალუტის ლიკვიდობის ზრდა წარმოადგენდა.

სებ-ის მიერ განხორციელებული 18 სავალუტო აუქციონის შედეგად, ინტერვენციის დღეს ლარის გაცვლითი კურსის ცვლილება ასეთი იყო:

1. 13-მარ-2020 - 20 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გაუფასურება -4.48 თეთრი;
2. 19-მარ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 2.36 თეთრი;
3. 25-მარ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გაუფასურება -0.82 თეთრი;
4. 27-აპრ-2020 - 20 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გაუფასურება -0.17 თეთრი;
5. 21-მაის-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.92 თეთრი;
6. 10-ივნ-2020 - 29 650 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 2.55 თეთრი;
7. 17-ივნ-2020 - 20 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 2.39 თეთრი;
8. 02-ივლ-2020 - 20 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 1.04 თეთრი;
9. 22-ივლ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 1.09 თეთრი;
10. 13-აგვ-2020 - 20 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.57 თეთრი;
11. 27-აგვ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 1.08 თეთრი;
12. 10-სექ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გაუფასურება -0.14 თეთრი;
13. 16-სექ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გაუფასურება -0.01 თეთრი;
14. 23-სექ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გაუფასურება -1.04 თეთრი;
15. 02-ოქტ-2020 - 20 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.13 თეთრი;
16. 09-ოქტ-2020 - 30 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.61 თეთრი;
17. 19-ოქტ-2020 - 30 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.69 თეთრი;
18. 22-ოქტ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.93 თეთრი;

საშუალოდ ერთი ინტერვენციის შედეგად, აუქციონის დღეს ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.42 თეთრით მყარდებოდა.