მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

59 პარლამენტარს დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის ხელფასიდან ₾1.1 მლნ დაუკავდა - TI-ს ანგარიში

62dfa4711a9d1
ვიქტორია მღებრიშვილი
26.07.22 12:26
1009
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ (TI) მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რომელიც 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველი წელი პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კრიზისისა და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაძაბული აღმოჩნდა, რაც პარლამენტის საქმიანობაზე უარყოფითად აისახა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის ძირითად მიგნებებს შორისაა პარლამენტის წევრთა აქტივობისა და უფლება-მოსილების შესრულების საკითხებიც.

აღსანიშნია, რომ ამ პერიოდში პარლამენტის 59 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში 1 105 617 ლარი დაუკავდა, ხოლო საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 47 წევრზე 766 860 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება პარლამენტის წევრთა აქტიურობას, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოიყენა პარლამენტის 53-მა წევრმა; სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 21 წევრს, რომელთაგან 10 უმრავლესობის წარმომადგენელია: სამველ მანუკიანი, ელგუჯა გოცირიძე, ედიშერ თოლორაია, სუმბატ კიურეღიანი, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე; ხოლო 11 - ოპოზიციის: გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ვარშალომიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, , რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, ზურაბ ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია (ამ ორ უკანასკნელს საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული, რომ პარლამენტის საქმიანობაში არ იღებდნენ მონაწილეობას);

ანგარიშის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტის საანგარიშო პერიოდში სიტყვით გამოსვლის და საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით პარლამენტის 12 წევრს არ უსარგებლია, აქედან 1 უმრავლესობის წევრია: სუმბატ კიურეღიანი, ხოლო 11 ოპოზიციონერია: გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ვარშალომიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი , კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია (ამ ორ უკანასკნელს საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული, რომ პარლამენტის საქმიანობაში არ იღებდნენ მონაწილეობას);

TI-ში აცხადებენ, რომ „ქვეყნისთვის კრიზისულ ვითარებაში პარლამენტმა ვერ შეძლო ეფექტიანად განეხორციელებინა საპარლამენტო კონტროლი; ოპოზიცია, მეტწილად, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო, სრულფასოვნად არ იყო ჩართული პარლამენტის საქმიანობაში. პარლამენტმა არ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით აღებული ის ვალდებულება, რომელიც ეხებოდა პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას“.