16.აგვისტო .2019 00:10

5G ინტერნეტი ბერლინელი მომხმარებლებისთვის Vodafone-მაც გაააქტიურა

views 348
უკან

Vodafone-ის მომხმარებლებს ბერლინში დღეიდან 5G ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ეძლევათ. გერმანული ბიზნესპორტალის Handelsblatt-ის ინფორმაციით, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სატელეკომუნიკაციო კომპანია უსწრაფესი ინტერნეტის დანერგვისთვის აქტიურ სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

ბერლინის ტექნოლოგიურ პარკ ადლერსჰოფში დღეიდან კომპანიის პირველი 5G-ინტერნეტის სადგური ამოქმედდა, უახლოეს პერიოდში კი გერმანიის დედაქალაქში კიდევ ორი მსგავსი სადგური გაიხსნება. "ვოდაფონის" 5G ინტერნეტ მხარდაჭერა ამ ეტაპისთვის ჩინურ Huawei-ს ტელეფონებს აქვს, თუმცა როგორც კომპანიაში განმარტავენ, უახლოეს პერიოდში ქსელში სამხრეთ კორეული გიგანტის "სამსუნგის" Galaxy S10-ს შეიტანენ, რომლის უსწრაფესი ინტერნეტი 5G პირადი კლიენტებისთვის აქციის სახით, 1 ევრო ეღირება.

Vodafone-ის გარდა, მომხმარებლებს 5G-ს საცდელ ვერსიას სთავაზობს Deutsche Telekom-მიც, რომელმაც სწრაფი ინტერნეტი ბერლინსა და ბონში ცოტა ხნის წინ აამოქმედა. სატელეკომუნიკაციო გიგანტი 2019 წელს 5G ინტერნეტ ქსელით გერმანიის კიდევ ოთხ ქალაქს დაფარავს, 2020 წლისთვის კი ახალი თაობის ულტრასწრაფი ინტერნეტით სარგებლობის საშუალება კლიენტებს გერმანიის 20 ქალაქში ექნებათ.  

ცნობისთვის: 5G მობილური ინტერნეტის ახალი თაობაა, რომელიც 4G და LTE ქსელებზე 100-ჯერ უფრო სწრაფია. შანხაი მსოფლიოს პირველი ქალაქია, რომლის რამდენიმე უბანი ულტრასწრაფი ინტერნეტ ქსელის დაფარვის ზონაში მოექცა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 5G მობილური კავშირის დანერგვით ევროპა სამხრეთ კორეას, ჩინეთს და შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვნად ჩამორჩა. ამის მიზეზად ევროკავშირში არსებულ სხვადასხვა ბიუროკრატიულ ბარიერებს ასახელებენ.