მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 Covid-შეზღუდვა/გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო

5f58a11aa9d34
ინგა მურუსიძე
09.09.20 13:31
6476
დღეს, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემილოგიური მდგომარეობის გართულების გამო, დამატებითი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.  შეზღუდვები, რომელიც ხვალიდან შევა ძალაში, საზოგადოებას მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააცნეს. 

კერძოდ:

ხვალიდან აიკრძალება იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები

„ვუბრუნდებით იმ შეზღუდვას, რომელიც აქამდე არსებობდა. იგულისხმება ქორწილები, ქელეხები, იუბილეები. ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში, დღეის მდგომარეობით, ისედაც მოქმედებს, თუმცა ეს ხვალიდან გავრცელდება ღია სივრცეებზეც“, - განმარტა ნათია მეზვრიშვილმა.

თეატრებისა და კინოთეატრების, ასევე, ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო 

„აღნიშნული ობიექტების ნაწილი უნდა გახსნილიყო 15 სექტემბრიდან, ნაწილი - 1 ოქტომბრიდან, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მათი გახსნა გადაიდო ერთი თვით, შესაბამისად, თეატრები და კინოთეატრები, ისევე, როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები გაიხსნება 1 ნოემბრიდან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

200 კაცზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება იკრძალება

„დახურულ სივრცეში ეს ყველაფერი ისედაც შეზღუდული იყო. ანუ ხვალიდან 200 კაცზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება აიკრძალება“,- თქვა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა

როგორც მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, სკოლებს ეძლევათ რეკომენდაციები, სწავლის დაწყების პირველ დღეს მასშტაბური საზეიმო ღონისძიებები არ გამართონ.

დღეიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაწილს სასტუმროებშიც უმკურნალებენ

„საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, სასტუმროებშიც უმკურნალებენ. უკვე მიმდინარეობს ბათუმში, საავადმყოფოდან სასტუმროში პაციენტების გადაყვანა. განსაზღვრულია პროტოკოლი, რითაც იხელმძღვანელებენ ჩვენი ექიმები“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ტიკარაძის თქმით, სასტუმროებში არ გადაიყვანენ პაციენტებს, რომელთა ასაკი 65-ს სცდება და 18 წლამდეა, ხოლო პაციენტები, რომელთა ასაკი 18-65 წელია და არ აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, მკურნალობას სასტუმროებში გაივლიან.

კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვები საარჩევნო აგიტაციას არ ეხება:

„ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, რომელზეც 200 კაციანი შეზღუდვა დავაწესეთ, რა თქმა უნდა, არ ეხება საარჩევნო აგიტაციას. თუმცა შეკრებისას დაცული უნდა იყოს 2 მეტრიანი დისტანცია და პირბადის ტარება აუცილებელია“, - განმარტა ნათია მეზვრიშვილმა.