მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 მითი კოვიდვაქცინაციის შესახებ

60112243071e7
თათია კაკიაშვილი
28.01.21 09:00
1174

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2.1 მილიონზე მეტს აღწევს. ამასთან, დროთა განმავლობაში ვირუსის მუტაციის შედეგად ახალი შტამებიც ჩნდება, რომლებმაც შესაძლოა Covid-19 კიდევ უფრო გადამდები და მეტად მომაკვდინებელი გახადოს.

საბედნიეროდ, არსებობს იმედისმომცემი სიახლეებიც - აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული გადაუდებელი გამოყენების ორი ვაქცინა ამ დრომდე უსაფრთხოდ და ძალიან ეფექტურად სახელდება. ამის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი მაინც ამბობს, რომ კოვიდ ვაქცინას არ გაიკეთებს. მიზეზი კი მსოფლიოში გავრცელებული მითებია, რომლებიც ვაქცინაციას უკავშირდება და საზოგადოებრივი აზრის არასწორ ფორმირებას უწყობს ხელს.

CNN ამ დრომდე კოვიდვაქცინაციის შესახებ გავრცელებულ 6 მითს გვთავაზობს:

მითი #1: ვაქცინაცია კორონავირუსით დაინფიცირებას იწვევს

COVID 19-მდე, არსებობდა გავრცელებული შეხედულება, რომ გრიპის ვაქცინაცია ადამიანებში გრიპით დაავადების შემთხვევებს ზრდიდა და ამ შეხედულების გამო, ხალხი ვაქცინაციას არ იტარებდა. ამერიკელი სამედიცინო ანალიტიკოსი, დოქტორი ლეანა ვენი ამბობს, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა, უფრო მეტიც - კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით, ვენი განმარტავს, რომ დღემდე არსებული არცერთი ვაქცინა, რომელიც აშშ-ში იტესტება, ცოცხალ ვირუსს არ შეიცავს. ასე რომ, ვაქცინის შედეგად COVID 19-ით დაინფიცირება შეუძლებელია.

მითი #2: ვაქცინაცია ადამიანის გენეტიკურ კოდს ცვლის

ლეანა ვენი ამ მითსაც უარყოფს და საზოგადოებას mRNA ტექნოლოგიის შესახებ დამატებით ცნობებს აწვდის: ტერმინი mRNA გენეტიკური კოდის ნაწილია, რომელიც უჯრედებს პროტეინის გამომუშავების საშუალებას აძლევს. მიღებული პროტეინი კი იმუნურ რეაქციას ააქტიურებს და ჩვენს ორგანიზმს კორონავირუსთან გამკლავებას ასწავლის, თუკი ორგანიზმში ეს ცილა მოხვდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დოქტორ ვენის თქმით, mRNA ვერასოდეს აღწევს ადამიანთა უჯრედების ბირთვში, სადაც სწორედ ჩვენი დნმ-ი მდებარეობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა საერთოდ არ ურთიერთქმედებს ხალხის დნმ-თან და, შესაბამისად, ჩვენს გენეტიკურ კოდსაც ვერ შეცვლის.

მითი #3: ვაქცინაცია ალერგიურ რეაქციებს იწვევს და უსაფრთხო არ არის

ვაქცინის პრეპარატების საცდელი პერიოდის განმავლობაში, მართლაც გამოვლინდა ალერგიული რეაქციები, თუმცა დოქტორი ლეანა ვენი ამბობს იმასაც, რომ ასეთი რეაქცია ორგანიზმს შეიძლება პრაქტიკულად ნებისმიერ სამედიცინო პროდუქტზე ჰქონდეს. ალერგია ვლინდება საკვებზეც, რომლის მკურნალობაც, მედიკოსის თქმით, გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე - COVID 19-ის. ამ დროისთვის უცნობია, ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც - რატომ იწვევს ვაქცინა ალერგიას. სწორედ ამიტომ, ვაქცინირებული პირი აცრიდან 15 წუთის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, ხოლო თუ ვინმეს სერიოზული ალერგიული ისტორია აქვს, მედიკოსები მათ კოვიდ ვაქცინის პრეპარატის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში აკვირდებიან და, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო მკურნალობასაც უწევენ. ასე რომ, ალერგია ორგანიზმის ჩვეული რეაგირებაა და არა მაინცდამაინც კოვიდ ვაქცინით გამოწვეული.

მითი #4: უცნობია, რამდენ ხანს გამოიმუშავებს ვაქცინა ორგანიზმში იმუნიტეტს, ამიტომ მის მიღებას აზრი არ აქვს

მართალია, მედიკოსებმა არ იციან, რამდენ ხანს გაგრძელდება ვაქცინისგან მიღებული იმუნიტეტი. დღემდე ჩატარებული კვლევების თანახმად, იმუნიტეტი მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება, თუმცა უცნობია, დროთა განმავლობაში იკლებს თუ არა იმუნური დაცვა ვაქცინისგან. მედიკოსები იმასაც არ გამორიცხავენ, კორონავირუსის ვაქცინის მიღება ადამიანებს ყოველწლიურად დასჭირდეთ, ისე, როგორც, მაგალითად, გრიპის ვაქცინა. ეს კი პირველ ჯერზე ვაქცინის პრეპარატის მიღებაზე უარის თქმის მიზეზი არ უნდა გახდეს. 

მითი #5: ვაქცინაცია მხოლოდ მოხუცებს და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს უნდა ჩაუტარდეთ

ახლა, როცა ვაქცინის პრეპარატის დოზებს ქვეყნები შეზღუდული რაოდენობით იღებენ, ვაქცინაცია მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს უტარდებათ. თუმცა, როცა მსოფლიოში პრეპარატების საკმარისი მარაგი გაჩნდება, ვაქცინაცია ყველამ უნდა ჩაიტაროს. მათ შორის, ახალგაზრდებმაც და არანაირი ავადმყოფობის ისტორიის მქონე პირებმაც, რადგან შესაძლოა, მათაც შეხვდეთ COVID 19 და ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუუარესდეთ, ან ფატალური შედეგი დადგეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით კი, ვირუსის შესასუსტებლად მსოფლიო მოსახლეობის 70%-85% მაინც უნდა აიცრას. 

მითი #6: ვაქცინაციის შემდეგ, პირბადის ტარება საჭირო აღარ იქნება

მიუხედავად იმისა, რომ COVID 19 და პირბადის ტარება თითქმის სინონიმები გახდა, დღემდე არავინ იცის, რეალურად პირბადე იცავს თუ არა კოვიდინფიცირებული ადამიანისგან სხვა პირს ვირუსის გადადებისგან. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვაქცინის ეფექტურობა 95%-ით არის დადგენილი, რაც 100%-იან დაცვას არ გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ვაქცინაციის შემდეგაც კი, ხალხმა პირბადის ტარება არ უნდა შეწყვიტოს.

პანდემიის დასრულების საუკეთესო გზა დღეს ადამიანების ვაქცინირებაა, ამერიკელი მედიკოსები კი ცდილობენ, მაქსიმალურად სწრაფად გაავრცელონ სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია ვაქცინის და თანმხლები ეფექტების შესახებ იმისთვის, რომ ხალხში შფოთვა დასრულდეს და არსებული მითები დაინგრეს.