მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად არ გაიხსნებიან

601cfa2b3f9c3
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.21 12:01
1550
ხვალ, 6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად აღარ გაიხსნებიან - აღნიშნული გადაწყვეტილება სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა მთავრობის მიერ გუშინ რესტორნების ღია სივრცეების გახნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მიიღეს.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ ღია სივრცეების გახსნა დამატებით ბენეფიტებს რესტორნებს არ მოუტანს, ისინი დადებითად აფასებენ ხელისუფლების ნაბიჯს,  ამიტომ ხვალ თვითნებურად არ გაიხსნებიან.

ამასთანავე ის ამბობს, რომ ხელისუფლებამაც უნდა შეასრულოს თავისი დანაპირები და ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების პარალელურად რესტორნების სრულად გახსნის საკითხი უნდა გადაწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუმორჩილებლობა და კვების ობიექტების თვითნებური გახსნა მაინც მოხდება.

„ის გადაწყვეტილება, რაც ხელისუფლებამ მიიღო, ერთი მხრივ, მისასალმებელია და გასაგებია, რომ მთავრობამ გარკვეულწილად სექტორს გამოუწოდა ხელი კონსტრუქციული მუშაობისთვის. იმედია, რომ ეს კონსტრუქციული მუშაობის რეჟიმი არ იქნება უბრალოდ ფარატინა ქაღალდზე დაწერილი და ჰაერში გასროლილი სიტყვები. რეალურად რა გადაწყვეტილებაც გაჟღერდა გუშინ 15 თებევრლიდან გარე რესტორნების გარე სივრცეები გახსნის შესახებ, ეს ხელისუფლებითვის და სფეროსთვისაც არანაირი დამატებითი ბენეფიტის მომტანი არ არის. უმნიშვნელო, ძალიან მცირე შესაძლებლობაა, მაგრამ მიუხედავად ამ მცირე შესაძლებლობისა, ვგრძნობთ, ხელისუფლების მხრიდან ამ გადმოდგმულ ნაბიჯს, მაგრამ უნდობლობის უფსკრული იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ეს ნაბიჯი ვერ შეავსებს და ვერ გააერთიანებს ამ ნდობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ შაბათის აქციაზე უარს ვამბობთ და არ ვხსნით რესტორნების კარებს და გარკვეულწილად ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვაფასებთ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ხელისუფლება არ შეასრულებს თავის დანაპირებს და ეპიდსიტუაციის მიხედვით არ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას რესტორნების სრულად გახსნასთან დაკავშირებით, მაშინ დაუმორჩლებლობის ამ ფორმას შემდგომ დღეებში მივმართავთ და გავხსნით რესტორნის კარს“, - განაცხადა რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ რესტორნები აუცილებლად შეუერთდებიან ხვალ, 14:00 საათზე პარლამენტთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დაგეგმილ დარგთაშორის საპროტესტო აქციას.