19.სექტემბერი .2019 20:10

6 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 3 მლნ ლარით გაიზარდა

views 254
უკან

2019 წლის 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 345,32 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 50.04 მლნ ლარით აჭარბებს 2018 წლის 6 თვის მონაცემებს. ამავე პერიოდის შედეგებით სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 19,57 მილიონი ლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3,23 მილიონი ლარით მეტია.

მიმდინარე წლის 6 თვის შედეგებით, სადაზღვევო სექტორის აქტივები შეადგენს 952,67 მილიონ ლარს, რაც ასევე გაზრდილი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან 6 თვეში, ეს რიცხვი 699.37 მლნ ლარი იყო.

რაც შეეხება კაპიტალს, კომპანიების კაპიტალი მიმდინარე წლის 6 თვის მაჩვენებლით 231,27 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 50,58 მილიონით აჭარბებს 2018 წლის 6 თვის მაჩვენებელს.

2019 წლის 6 თვის მონაცემებით, მოზიდული პრემიის მიხედვით სადაზღვევო კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა "იმედი L". კომპანიამ წლის პირველ 6 თვეში 58,74 მილიონი ლარი მიიზიდა. მეორე ადგილზეა "ჯი პი აი ჰოლდონგი" – 56,62 მილიონი ლარით, 51,26 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა "ალდაგმა", "თიბისიმ" – 39,29, "არდიმ" – კი 29,52 მლნ ლარის.

2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 17 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებულია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

შეგახსენებთ, გასული წელი საქართველოში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა 42.1 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს, რაც 2017 წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატებოდა. შედარებისთვის, 2017 წელს კომპანიების წმინდა მოგება 20.3 მლნ ლარი იყო, 2016 წელს 18.8 მლნ ლარი, 2015 წელს კი 2.6 მლნ ლარი.

2018 წლის მაჩვენებელი ასევე აღემატება 2014 წლისას, როდესაც სადაზღვევო კომპანიებმა 40.3 მლნ ლარის მოგება მიიღეს. 2018 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 542.20 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 100 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის მონაცემს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა