30.ივლისი .2021 19:00

6 თვეში საქართველო-სომხეთის სავაჭრო ბრუნვა $332.4 მლნ იყო - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

6 თვეში საქართველო-სომხეთის სავაჭრო ბრუნვა $332.4 მლნ იყო - რას ვყიდით/ვყიდულობთ?
views 610
უკან

29-30 ივლისს საქართველოში ვიზიტით მყოფი სომხეთი ეკონომიკის მინისტრი ვაჰან ქერობიანი საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრებს მართავს, რომლის მთავარი თემა ქვეყანებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მიმდინარე თანამშრომლობის და არსებული პოტენციალის ათვისება და განვითარებაა.

„ცალ-ცალკე ჩვენ ვართ შედარებით მცირე ბაზრები, მაგრამ ერთობლიობაში რეგიონალურ ჭრილში ვხდებით გაცილებით უფრო მიმზიდველები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

„საუბარი იყო იმაზეც, რომ ქართულმა და სომხურმა ბიზნესსექტორმა ძალისხმევა გააერთიანონ, რათა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გამოვიყენოთ ახალ ბაზრებზე ქართული და სომხური კომპანიების წვდომის უზრუნველსაყოფად“ - თქვა ლევან დავითაშვილმა მეზობელი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

BM.GE დაინტერესდა როგორია ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობები და რას ვყიდით ან ვყიდულობთ სომხეთში. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველო-სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 332.4 მლნ დოლარი შეადგინა და ეს მაჩვენებელი 2020-ის (283,4 მლნ დოლარი) და 2019 წლის მაჩვენებლებს (281,9 მლნ დოლარი) მნიშვნელოვნად აღემატება. კონკრეტულად კი პანდემიურ წელთან შედარებით პირველ ორ კვარტალში ბრუნვა 17.2%-ით, ხოლო პანდემიამდელ წელთან 17.9%-ით გაიზარდა.

მთლიან ბრუნვაში ექსპორტი მიმდინარე წელს 101 მლნ დოლარია, ხოლო იმპორტი 231.3 მლნ დოლარია. აღსანიშნია, რომ იმპორტის შემთხვევაში 2019, 2020, 2021 წლებში რიცხვები იზრდებოდა, ხოლო ექსპორტი 2019 წელთან (154.8 მლნ დოლარი) შედარებით 2020 წელს (84.7 მლნ დოლარი) შემცირდა და 2021 წელს გაიზარდა, თუმცა დღეს არსებული საექსპორტო მაჩვენებელი პანდემიამდელი წლის რიცხვებზე ნაკლებია.

რაც შეეხება იმას, რა გავყიდეთ სომხეთში იანვარ - ივნისში, უმსხვილესი საქონლის TOP-10-ეული ასეთია:

1. ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან ფქვილი და გრანულები - 5.4 მლნ დოლარი;
2. არადენატურირებული ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები - 4.6 მლნ დოლარი;
3. შავი ლოთონის მეტალოკონსტრუქციები - 3.9 მლნ დოლარი;
4. აზოტოვანი, ქიმიური სასუქები - 3.9 მლნ დოლარი;
5. მერქან-ბურბუშელის ფილები - 3.3 მლნ დოლარი;
6. ელექტროენერგია - 3.3 მლნ დოლარი;
7. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 3.2 მლნ დოლარი;
8. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 3.2 მლნ დოლარი;
9. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 3.1 მლნ დოლარი;
10. ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 2.4 მლნ დოლარი;

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პერიოდში საქართველომ სომხეთიდან ყველაზე დიდი რაოდენობით სპილენძის მადნები და კონცენტრატები შეიძინა, ხოლო უმსხვილესი საიმპორტო საქონლის TOP-10-ეული ასეთია:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 198.7 მლნ დოლარი;
2. ნახშირბადის ფოლადის ნახევარფაბრიკატები - 7.5 მლნ დოლარი;
3. მინის ბოცები და ბოთლები - 6.5 მლნ დოლარი;
4. სიგარები და სიგარილები - 3.9 მლნ დოლარი;
5. ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - 969.9 ათასი დოლარი:
6. პლასტმასის სამშენებლო დეტალები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი - 943 ათასი დოლარი;
7. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 859.1 ათასი დოლარი;
8. არადენატურირებული ეთილის სპირტი - 778.9 ათასი დოლარი;
9. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 750 ათასი დოლარი;
10. ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან - 668.9 ათასი დოლარი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა