მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

61 მლნ-ს, რომელიც მთავრობამ ბიზნეს-სახლისთვის ბანკებში დეპოზიტზე დადო, 7 მლნ-ის დაერიცხა

5dea565e2dfbd
თელარა გელანტია
06.12.19 18:20
930
61 მლნ ლარს, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბიზნეს-სახლის რემონტისთვის ბანკებში დეპოზიტზე დადო, 2016 წლიდან 2019 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, 7 მლნ ლარის საგებელი დაერიცხა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ მაია ცქიტიშვილის უწყებიდან გამოითხოვა.

როგორც ირკვევა, 61 მლნ ლარი, რომელიც საბიუჯეტო რესურსია, 6 კომერციულ ბანკშია გადანაწილებული. ესენია: ბაზის ბანკი, თიბისი ბანკი, ფინკა ბანკი, ტერა ბანკი, ლიბერთი ბანკი და ვითიბი ბანკი. წლიური საპროცენტო სარგებელი კი, 8-12 პროცენტია.

Bm.ge დაინტერესდა, როდემდე იქნება ბანკებში აღნიშნული თანხა და რაში აპირებს მთავრობა ამ რესურსის დახარჯვას, რადგან როგორც რამდენიმე კვირის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში დაანონსებული ბიზნეს-სახლის პროექტი დღის წესრიგში არ დგას და უკვე აშენებულ კონსტრუქციას სხვა ფუნქციას მოუძებნიან ან გაყიდიან. „ბიზნესს ვირტუალურ ბიზნეს სახლს შევთავაზებთ“, - უთხრა მინისტრმა სააგენტოს.

ვერც ბანკებში განთავსებულ 70 მლნ ლარის სამომავლო მიზნობრიობაზე და ვერც ბიზნეს-სახლისთვის აშენებული კონსტრუქციის ბედზე, კონკრეტული პასუხი, ჯერჯერობით, არც ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს აქვს.
„როგორც ეკონომიკის მინისტრმა უკვე არაერთხელ განაცხადა, უშუალოდ მოხდა გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ სერვისების მიწოდება მოხდეს ელექტრონული სახით და ამისთვის ცალკე მდგომი შენობა საჭირო არ არის.

იმაზეც ვიზრუნებთ, რომ ეს თანხა, ინვესტიცია, რომელიც ჩაიდო შენობის მშენებლობაში, არ დაიკარგოს და მოხდეს მისი სხვაგვარად გამოყენება", – განაცხადა ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ შენობას ახალი ფუნქცია პროვატიზების, ან სხვა რაიმე გზით ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ვირტუალური „ბიზნეს სახლის“ შექმნას გეგმავს, რასაც ფიზიკური ინფრასტრუქტურა არ სჭირდება, ორთაჭალაში „ბიზნეს სახლისთვის“ შენობის აშენება მაინც მიმდინარეობს. ობიექტს კომპანია „ენსისი“ ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით, 10 მლნ ლარად აშენებს. დამკვეთს შენობის კარკასი 2020 წლის თებერვალში უნდა ჩაბარდეს.