მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

65 000-ლარიანი ავტომობილი - აუდიტის დასკვნით, აფხაზეთის ა/რ მთავრობამ მანქანა დარღვევებით შეიძინა

5fca74cb12342
თამთა ჯიჯავაძე
04.12.20 22:15
1524
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2019 წელს 65 000-ლარიანი ავტომობილის შესყიდვის კუთხით დარღვევა-ნაკლოვანებები გამოავლინა.

კერძოდ, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული ორგანიზაციების კონსოლიდირებული აუდიტის ანგარიშში წერია, აფხაზეთის სავაჭრო პალატამ 2019 წლის ოქტომბერში აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების განსახორციელებლად, მსუბუქი ავტომანქანის შეძენის მიზნით, შესაბამისი წერილით მიმართა ფინანსთა სამინისტროს. ცვლილებების აუცილებლობის სათანადოდ არგუმენტირებული დასაბუთება წარმოდგენილი არ ყოფილა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სავაჭრო პალატას მაინც დაუმტკიცდა ასიგნებები 67.5 ათასი ლარის ოდენობით.

სწორედ ამის შემდეგ სავაჭრო პალატამ ერთი პირისგან შეიძინა 65 000 ლარად ავტომობილი. თუმცა, ყიდვიდან ფაქტობრივად ერთ თვეში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილი, მაღალი გამავლობის ავტომობილის სანაცვლოდ პალატამ ფინანსთა სამინისტროს გადასცა, რომელმაც თავის მხრივ იგივე მანქანა აფხაზეთის მთავრობის აპარატს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეზე გასაპიროვნებლად გადასცა.

როგორც აუდიტის პროცესში გაირკვა, ზემოაღნიშნულ ავტომანქანას, 2019 წლის 9 იანვრიდან 2019 წლის 8 ოქტომბრამდე ფლობდა პირი, რომელიც დაკავშირებული მხარე აღმოჩნდა იმ პირთან, ვისზეც გაპიროვნებული იქნა მოცემული ავტომობილი.

აუდიტის დასკვნით, ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ სავაჭრო პალატის მიერ შესყიდვის განხორციელებამდე არ იქნა წინასწარ მკაფიოდ განსაზღვრული, თუ როგორი ტიპის ავტომობილი ესაჭიროებოდა სავაჭრო პალატას მისი საქმიანობიდან გამომდინარე − „სედანი“ თუ მაღალი გამავლობის ავტომობილი. ასევე, ვერ იქნა წარმოდგენილი ბაზრის კვლევის დოკუმენტაცია. არ იქნა მოპოვებული სრული ინფორმაცია ავტომანქანის შესახებ და არ მოხდა ამ ინფორმაციის გათვალისწინება ავტომანქანის შეძენისას გარიგების ფასის დადგენის დროს, კერძოდ:
•აუდიტის ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შესყიდული სატრანსპორტო საშუალების ანგარიშიდან ირკვევა, რომ ავტომანქანის გარბენის მონაცემების ისტორიით, 2015 წლის 10 აპრილს ავტომობილების აუქციონზე გასაყიდად გატანისას, ავტომანქანა იყო ავარიულ მდგომარეობაში და გარბენი შეადგენდა 86,914 ამერიკულ მილს (139,0 ათასკილომეტრს) და არა 50,0 ათას კილომეტრს, როგორც ეს დაფიქსირდა სავაჭრო პალატის მიერ ავტომანქანის შესყიდვის მომენტისათვის;
•ინტერნეტსაიტზე: http://myauto.ge არქივიდან ამოღებული შესყიდული მსუბუქი ავტომობილის შესადარისი ავტომობილების 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადებული ფასებიდან გაირკვა, რომ სავაჭრო პალატის მიერ შესყიდულ იქნა ყველაზე ძვირი ავტომობილი (გამოცხადებული ფასი 70,0 ათასი ლარი; შევაჭრების შემდეგ ფასდაკლებული 65,0 ათასი ლარი).

„ამრიგად, ზემოაღნიშნული დარღვევების გამომწვევი ფაქტორების შესწავლით გამოვლინდა, რომ რესპუბლიკურ ბიუჯეტში არასათანადო, დაუსაბუთებელი ცვლილებების შეტანის პრაქტიკა და კონტროლის სისუსტეები ზრდის საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არამართლზომიერი ხარჯვის რისკებს“, - წერია აუდიტის ანგარიშში.