მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$65 მლნ-იანი ინვესტიცია - რისი აშენება სურს "სილქ როუდ ჯგუფს" ელბაქიძის აღმართზე

5d9b0cf089347
ელენე გოგბერაშვილი
07.10.19 16:40
8217
თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია „ცენტრ პლაზა“, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიაა, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას აპირებს.

პროექტი ელბაქიძის აღმართთან მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 17-სართულიანი 5 შენობის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელშიც საცხოვრებელი, კომერციული, სასტუმრო და საოფისე ფართები შეიძლება განთავსდეს. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს 400 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობას.

როგორც bm.ge-ის „სილქ როუდ ჯგუფში“ განუცხადეს, წინასწარი გათვლებით, პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი დაახლოებით, 65 მლნ დოლარია.

მათი თქმით, პირველ ეტაპზე მოხდა პროექტის მოცულობის შეთანხმება მერიის ისტორიულ საბჭოსთან. მშენებლობის ნებართვის მიღებამდე კი, დარჩენილია (განაშენიანების რეგულირების გეგმა)  გრგ დავალების მიღების, 2 გრგ-ის შეთანხმების და პროექტის შეთანხმების პროცედურები.

"უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტოებზე ასახულია პროექტის მოცულობა და სართულიანობა და არა - რენდერები.

საქანელას ქუჩის ტერიტორია 2007 წლიდან იმყოფება „სილქ როუდ ჯგუფის საკუთრებაში. ამ წლების განმავლობაში ამ ტერიტორიის რამდენიმე პროექტი მომზადდა. გავრცელებულ ფოტოებზე ასახულია მოცულობები, რომელიც მოამზადა ქართულმა არქიტექტურულმა კომპანია “მიდამომ" ისტორიული საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით. პროექტში ჩართულია მსოფლიო დონის გერმანული კომპანია "გრაფტი", (www.graftlab.com ). რომელიც ასევე არის სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიის" ავტორი.

"გრაფტის" მონაწილეობით მოხდება პროექტის შემდეგი ეტაპის დამუშავება. ზოგადად, ამ პროექტის დამუშავება ხდება რესპუბლიკის მოედნის ერთიანი განვითარების ფარგლებში, რაზეც უახლოეს მომავალში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით”, - აცხადებს გიორგი მარრი „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების პროექტების დირექტორი.

მათი თქმით, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დაწყება დამოკიდებულია პროექტის მომზადების და დამტკიცების დროზე, რაც სულ ცოტა 1 წელი მაინც გაგრძელდება.