მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„7 000 ტომარა ფქვილი გვიდევს საწყობში და ვერ ვყიდით“ - რატომ იხურებიან წისქვილკომბინატები?

618d26317caa8
ელენე გოგბერაშვილი
11.11.21 19:40
1242
ქვეყანაში წისქვილკომბინატები ერთმანეთის მიყოლებით იხურება, ასეულობით ტონა ფქვილი კი დასაწყობებულია და კომპანიები მის რეალიზაციას ვეღარ ახერხებენ იმის გამო, რომ იმპორტირებულ რუსულ ფქვილს კონკურენციას ვეღარ უწევენ. მსოფლიო ბირჟაზე ხორბლის ღირებულება ბოლო ათწლეულის ისტორიულ მაქსიმუმზეა. მის ფასს კიდევ უფრო აძვირებს ხორბლის მთავარი მომწოდებლის, რუსეთის მიერ იმპორტზე დაწესებული საბაჟო ტარიფი, რამაც ტონა ხორბალზე უკვე მიაღწია 70 დოლარს. როგორც იმპორტიორები ამბობენ, მხოლოდ ერთ თვეში ერთი ტონა ხორბალი 30 დოლარით არის გაძვირებული და 350 დოლარს შეადგენს.

ხორბლისგან განსხვავებით, რუსეთიდან საქართველოში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შემოდის ფქვილი, რაც ადგილობრივი წისქვილკომბინატების წარმოებული პროდუქტის თვითღირებულებაზეც კი ნაკლებია, ბაზარზე შექმნილი არათანაბარი პირობების გამო წისქვილებს მუშაობის გაგრძელება აღარ უღირთ. სწორედ ამ მიზეზით წარმოება გააჩერეს წისქვილკომბინატებმა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

წარმოება გააჩერა და 60 დასაქმებული უხელფასო შვებულებაში გაუშვა შპს "ქართულმა ხორბალმა", რომელიც წისქვილკომბინატს გორში ფლობს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, ანალოგიურად წარმოება გააჩერა გორში მდებარე კიდევ ერთმა წისქვილმაც.

„ჩვენს საწყობში 7 000 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი დევს, რომლის თვითღირებულება ჯდება 70 ლარი. ჩვენი მომხმარებელი, მათ შორის ფურნეები გვეუბნებიან, რომ რუსულ ფქვილს 67-68 ლარად ყიდულობენ. სხვაობა იმპორტულ და ადგილობრივ წარმოებულ ფქვილს შორის 4 ლარია, ამიტომ არ უღირთ. ასევე "იფქლი დიღომს" ვამარაგებდით, იმავე მიზეზით მათაც შეწყვიტეს ჩვენთან თანამშრომლობა.

მსგავსი რეალობაა გორში მდებარე კიდევ ერთ წისქვილში. ჩემი ინფორმაციით, „კარმენსაც“ შეჩერებული აქვს წარმოების პროცესი და თანამშრომლების დიდი ნაწილიც უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. ფქვილს ვერ ყიდიან და წისქვილი გააჩერეს“ - აცხადებს bm.ge-სთან შპს „ქართული ხორბალის“ წარმომადგენელი, ირაკლი ხითარიშვილი.

ცოტა ხნის წინ გაჩერდა ბათუმში მდებარე წისქვილკომბინატი „ოქროყანაც“. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ნოდარ მელიქიშვილმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, მათ მსგავსად წარმოება გააჩერა კიდევ ორმა ხორბლის გადამამუშავებელმა საწარმომ და ამდენივე წისქვილი გაიზიარებს მათ ბედს, რაც ხორბლის მარაგებს ამოწურავს.

ის, რომ ფქვილის ადგილობრივ წარმოებას იმპორტირებული ანაცვლებს, ეს კარგად ჩანს ოფიციალურ სტატისტიკაში. წელს, 9 თვეში ქვეყანამ რუსეთიდან გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორჯერ მეტი მოცულობის (2020 იანვარ-სექტემბერი - 6.7 ათასი ტონა, 2021 წლის იანვარ-სექტემბერი 15.8 ათასი ტონა) 4.6 მილიონი (2020 წლის 9 თვე- $1,8 მლნ) დოლარის ღირებულების ფქვილი შეიძინა.

ჩაანაცვლებს თუ არა ადგილობრივ წარმოებას იმპორტირებული ფქვილი, თუ კონკურენტულ პირობებში წისქვილკომბინატებს მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ, ეს მთავრობის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. თვეებია შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, თუმცა მათგან კერძო სექტორი დარგის გადარჩენის კონკრეტულ გადაწყვეტილებას დღემდე ელის.