მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7-8 მლნ ბოთლი ღვინის წარმოება წელიწადში - ახალი კომპანია "რთველისის" გეგმები

5e4ce6e9f10b2
ლევან თაღიაშვილი
19.02.20 21:43
2747

ღვინის ახალი კომპანია "რთველისის" დამფუძნებელმა, თორნიკე ჭიკაძემ „საქმიან დილაში“ საუბრისას განაცხადა, რომ კომპანია რამდენიმე მცირე მეწარმის გაერთიანებით შექმნა და წლის ბოლომდე 15 სხვადასხვა სახის პროდუქტის გამოშვებას გეგმავენ.

„50 ჰა ფართობი მიწა გვაქვს, აქედან ნაწილი უკვე გაშენებულია, მხოლოდ წელს 15 ჰა დაემატება ამ ყველაფერს. დავიწყეთ ქართული ბაზრით, მიგვაჩნია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ადგილობრივი ბაზარი საკმაოდ განვითარდა, ჩვენც გვსურდა, რომ უკუკავშირი ჯერ ქართველი მომხმარებლისგან მიგვეღო. დეკემბრის თვეში 4 სახეობა ჩამოვასხით: ქინძმარაული, მუკუზანი, წინანდალი და საფერავი. მარტის თვეში კიდევ 3 სახეობა დაემატება, წლის ბოლომდე გვსურს, რომ პროდუქტების სპექტრი 15-მდე გავზარდოთ", - ამბობს ჭიკაძე.

მისი თქმით, „რთველისის“ პირველი საექსპორტო პროდუქცია მარტში გერმანიასა და ავსტრიაში გაიგზავნება. დამფუძნებელი ამბობს, რომ 2008 წლის გამოცდილებამ დივერსიფიკაციის აუცილებლობა დაანახა ბაზარს და ევროპაც სწორედ ამიტომ აირჩიეს.

„ღვინის მწარმოებლისთვის მთავარი ექსპორტია, რადგან აქ თავის დამკვიდრება ძალიან რთულია. შარშან დაახლოებით, 320 ექსპორტიორი მეწარმე დაფიქსირდა. პირველი პარტია სავარაუდოდ მარტში - გერმანიასა და ავსტრიაში განხორციელდება. დავიწყეთ ევროპული ბაზრით, რადგან 2008 წლის შემდეგ გამოცდილებამ აჩვენა, რომ დივერსიფიცირება აუცილებელია. ბოლო პერიოდში განვითარდა ისეთი ბაზრები, როგორიცაა: აშშ, პოლონეთი, გერმანია, კანადაში პირადად ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს", - განაცხადა მან.

კომპანია „რთველისი“ 2020 წელს ქარხნის აშენებასაც გეგმავს, რომელიც თავდაპირველად 1.5 მილიონ ბოთლზე იქნება გათვლილი, სამომავლოდ კი რაოდენობა 7-8 მილიონამდე გაიზრდება.

„სამომავლოდ საქართველოს ბაზარზე წარმოების მხოლოდ 5% გვაქვს გათვალისწინებული. ჩვენი ქარხანა, რომელიც 2020 წელს აშენდება, გათვლილი იქნება საწყის ეტაპზე 1.5 მილიონ ბოთლზე, ხანგრძლივ ვადაში კი 7-8 მილიონ ბოთლზე გვსურს ასვლა. ლოკაცია იქნება თელავთან ახლოს და მშენებლობას აპრილში დავიწყებთ", - ამბობს ჭიკაძე.