მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 პასუხი “ომიკრონზე” - ინტერვიუ გიორგი კამკამიძესთან

61e0071228650
თათია კაკიაშვილი
17.01.22 00:06
1749
ყოველდღიურად ცნობები კორონავირუსის ახალ, “ომიკრონ” შტამზე მატულობს, მათგან უმეტესობა, ძირითადად, უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება. ადგენს თუ არა სწრაფი ტესტი “ომიკრონს”? რამდენად შესაძლებელია “დელტა” შტამით დაავადებული ადამიანის “ომიკრონით” რეინფიცირება? დაასრულებს თუ არა “ომიკრონი” პანდემიას? ამ და სხვა კითხვებით bm.ge-მ ალერგოლოგ-იმუნოლოგს, კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორს გიორგი კამკამიძეს მიმართა.

- რა ზოგადი სიმპტომებით ხასიათდება “ომიკრონ” შტამი?

- კორონავირუსის ახალი ვარიანტი, ე.წ. “ომიკრონი” გამოირჩევა იმით, რომ მას არ ახასიათებს ისეთი სპეციფიური სიმპტომები, რომლებიც ვირუსის უფრო ადრეულ ვარიანტებს ჰქონდა: ეს არის ყნოსვის და გემოს ცვლილება. ის შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. ახალი ვარიანტის შემთხვევაში, შედარებით ნაკლებად ვხედავთ სპეციფიურ მიმდინარეობას, რომელიც ადრეული ვარიანტებისთვის იყო დამახასიათებელი. “ომიკრონი” ჩვეულებრივი გრიპისმაგვარ დაავადებას ჰგავს”: რაც გრიპისთვის არის დამახასიათებელი - ტემპერატურული რეაქცია, ყელის ტკივილი, სურდო, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, მიმდინარეობდეს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სინდრომები დიარეით. შესაბამისად, ამ სიმპტომების მიხედვით, “ომიკრონი” არ განირჩევა გაციებისმაგვარი, გრიპისმაგვარი დაავადებებისაგან.

- როგორ დგინდება, პაციენტი “ომიკრონით” ინფიცირებულია თუ “დელტათი”?

- არსებობს ე.წ. მოლეკულურ-ეპიდემიოლოგიური კვლევები, როდესაც დგინდება, ვირუსის რომელი ვარიანტი დომინირებს ქვეყანაში. თითოეული ადამიანისთვის ასეთი გამოკვლევის ჩატარება ნამდვილად არ არის ხარჯეფექტიანი. არსებობს ასევე არჩევითი სინჯების სეკვენირება, რის საფუძველზეც დგინდება, ვირუსის ახალი ვარიანტი სრული ინფიცირების რა პროცენტულობას მოიცავს. ეს მაჩვენებელი დღეისათვის 60%-ზეა ასული და ახლო დღეებში ინფიცირების რაც უფრო მეტი შემთხვევა გვექნება, პროცენტული წილი უფრო გაიზრდება. შესაბამისად, დომინანტური, როგორც ჩანს, გახდება “ომიკრონი”.

- ადგენს თუ არა სწრაფი ტესტი “ომიკრონს”?

- სწრაფი, ანუ ანტიგენის ტესტების მგრძნობელობა სულ უფრო და უფრო იკლებს და ეს შეიმჩნეოდა უკვე “დელტა” ვარიანტის შემთხვევაშიც. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ეს ტესტი არის უარყოფითი, მაგრამ პაციენტი სიმპტომურია, ან თუ ტესტი დადებითია ასიმპტომურ პაციენტში, გადამოწმება ხდება PCR ტესტით. საერთოდ, პირადად ჩემი რეკომენდაციაა, რომ სკრინინგული ტესტების დაფუძნება აღარ უნდა მოხდეს ანტიგენის ტესტზე, ვინაიდან ის უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, თავისი მგრძნობელობის და სპეციფიურობის გათვალისწინებით და აქცენტი უნდა გაკეთდეს მოლეკულურ ტესტებზე, რომელიც მიმართულია რამდენიმე გენის აღმოჩენაზე. PCR რჩება იმ სტანდარტად, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული.

- რამდენად შესაძლებელია “დელტა” შტამით დაავადებული ადამიანის “ომიკრონით” რეინფიცირება და, საშუალოდ, რა დროში ხდება ეს?

- “დელტა” ვარიანტის გადატანის შემდეგ, ბუნებრივი იმუნიტეტით ორგანიზმის დაცვა საშუალოდ 6 თვის განმავლობაში ხორციელდება. თუმცა არის უკვე აღწერილი შემთხვევები, როდესაც გაცილებით ადრე შეიძლება, მოხდეს ახალი ვარიანტით რეინფექცია, ანუ ხელახალი ინფექცია. არის აღწერილი, მაგალითად, ერთთვიანი პერიოდიც ორ დაინფიცირებას შორის. თუმცა, ისევ უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ იშვიათია რეინფიცირების მსგავსი შემთხვევები. შესაბამისად, შეგვიძლია, გვქონდეს იმედი, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი დაგვიცავს. გაცილებით უფრო ძლიერი დაცვა არსებობს, თუ ადამიანს გადატანილი აქვს ინფექცია და ასევე აცრილია.

- რამდენად იცავს ვაქცინაცია “ომიკრონისგან”?

- “ფაიზერი” ყველაზე მაღალი დაცვის უნარით ხასიათდება, თუმცა დაინფიცირების კუთხით “ომიკრონთან” დაცვა ორჯერადი ვაქცინაციით - 30%-მდე ჩამოვიდა, რაც ნამდვილად დაბალია. 50%-ის ქვემოთ მიიჩნევა, რომ ვაქცინა აღარ იცავს. თუმცა ეპიდემიის გავრცელების კუთხით, კვლავ რჩება მნიშვნელოვანი დაცვა - ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევებისგან, ასევე, გარდაცვალებისგანაც. 70-75%-ია ამ შემთხვევაში დაცვის მაჩვენებელი. შესაბამისად, ორჯერადი ვაქცინაცია მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. 75%-მდე ადის დაცვის მაჩვენებელი “ბუსტერის” შემთხვევაში. ამაზე უფრო მაღალია - 80-90% - დაცვა, თუკი ადამიანს ინფექცია გადატანილი აქვს და პლუს აცრილია, განსაკუთრებით ინფექციის გადატანიდან პირველი 6 თვის განმავლობაში. დღეისათვის ასეთი პოპულაცია ახალი ვარიანტისგან ყველაზე უფრო მეტად დაცულია.

- რა არის “დელტაკრონი”?

- ეს არის ნამდვილად შერეული ვარიანტი თვითონ ვირუსის, თუ ორივე შტამის ერთდროული ინფექცია, ამას კიდევ უფრო გაღრმავებული კვლევები სჭირდება და დადასტურება, რომ ეს არის ვირუსის სიცოცხლისუნარიანი, ახალი ვარიანტი. მას აქვს გენები, რომლებიც არის წარმოშობილი “დელტასა” და “ომიკრონისგან”. ეს არის კომბინირებული ვარიანტი. რამდენად სიცოცხლისუნარიანი და მაღალი გადამდებობის იქნება ეს ახალი ვარიანტი, თუ საუბარია უბრალოდ ისეთ შტამზე, რომელიც მასობრივად არ გავრცელდება, ამას მომავალი კვირები გვაჩვენებს. ძალიან მაღალი ალბათობით, შეიძლება, ის უფრო სუსტი იყოს, ვიდრე - “ომიკრონი”.

- დაასრულებს თუ არა “ომიკრონი” პანდემიას?

- ჯერჯერობით ამის ბოლომდე თქმის საშუალება არ არსებობს. რასაკვირველია, განცდა გაჩენილია როგორც სამეცნიერო წრეებში, ისე - მოსახლეობაში, რომ ეს გადაიქცევა ჩვეულებრივ გრიპისმაგვარ დაავადებად. ვირუსი არ გაქრება ნამდვილად. პანდემიის დასრულება არ ნიშნავს, რომ ველით, რომ “ომიკრონი” გაქრება, უბრალოდ მას ასეთი პანდემიური ხასიათი აღარ ექნება. პანდემია დასრულებულად გამოცხადდება, თუმცა ვაქცინაციის და პრეპარატების საშუალებით მომავალშიც აუცლებლობა გვექნება, რომ ვმართოთ კორონავირუსული ინფექცია. გრიპს და გრიპისმაგვარ რესპირატორულ დაავადებებს დაემატება კორონავირუსი, როგორც ფართოდ გავრცელებული ვირუსი. მსუბუქი დაავადების გამომწვევი ვირუსი რომ იცირკულირებს მომავალშიც, ამაზე ეჭვი დღეს, სამწუხაროდ, არ არსებობს, უბრალოდ იმაზეა საუბარი, რომ ასეთი მაღალი სიკვდილობის საფრთხე მსოფლიოსთვის აღარ იქნება. ამ კუთხით, რასაკვირველია, ველით, რომ პანდემია დასრულდება: პანდემია დასრულებულად წელს, 2022-ში უნდა გამოცხადდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსთან ბრძოლად ვწყვეტთ.