23.ნოემბერი .2022 16:18

7 ქვეყანა, ვისთანაც 2030 წლისთვის საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა ექნება - „ხედვა 2030“

7 ქვეყანა, ვისთანაც 2030 წლისთვის საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა ექნება - „ხედვა 2030“
views 942
უკან

2030 წლისთვის იმ ქვეყნების რიცხვი, ვისთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ექნება, შვიდით გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს განვითარების სტრატეგია - „ხედვა 2030“-ში წერია. ეს ქვეყნებია ისრაელი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, სერბეთი, აშშ, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ინდონეზია.

„გაიზრდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ქვეყნების წილი საქართველოს ექსპორტში და ქართული წარმოშობის პროდუქტებს წვდომა ექნებათ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სამომხმარებლო ბაზრის 2/3-თან, რაც მსოფლიო მოსახლეობის 72%-ს წარმოადგენს“, - წერია დოკუმენტში.

„ხედვა 2030“-ში მთავრობა პირობას დებს, რომ „სახელმწიფო გააგრძელებს მუშაობას აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით“.

გარდა ამისა, როგორც მთავრობის მიერ მომზადებულ სტრატეგიაში ვკითხულობთ, „მიმდინარეობს კონსულტაციები მოლდოვასთან საქართველო-მოლდოვას ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის ოქმის პროექტზე, რომელიც მხარეთა მიერ ევროკავშირთან ვაჭრობისას კუმულაციური მეთოდის გამოყენებაზე დებულებას მოიცავს“.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. „დიაგონალური კუმულაციის“ შეთანხმება 2021 წლიდან მოქმედებს საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის. დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შემდეგ, თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ექსპორტი გახდა შესაძლებელი. შეთანხმება არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, რადგან ევროკავშირსა და თურქეთს შორის გაფორმებული საბაჟო კავშირი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას არ ფარავს.