მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7500 კმ ველოსიპედით - ბერძენი ბიზნესმენის მოგზაურობა ევერესტამდე საქართველოს გავლით

5e526974149aa
ანუკა ჯოხაძე
24.02.20 00:00
889
კომპანია COCO-MAT-ი, რომელიც 1989 წელს საბერძნეთში შეიქმნა, მომხმარებლებს სთავაზობს ეკო მეგობრულ მატრასებს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან იყო დამზადებული. ეკომეგობრულ მატრასებს მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 124 მაღაზიაში შეხვდებით. ბამბა, ქოქოსის ბოჭკო, ლავანდა ის ნედლეულია, რომელსაც კომპანიაში მატრასების დამზადებისას იყენებენ.

მატრასებთან ერთად კომპანის ბრენდის ქვეშ ავეჯი და ხის ველოსიპედებიც იწარმოება. ასევე, კომპანია საბერძნეთში სასტუმროების ქსელსაც ფლობს, რომელიც სრულად თავისი პროდუქციით აქვს აღჭურვილი. COCO-MAT-ის დამფუძნებელი 62 წლის ბიზნესმენი პოლ ეფმორფიდისია, რომელიც ბიზნესის პარალელურად დიდ დროს სწორედ თავისი კომპანიის მიერ წარმოებული ხის ველოსიპედით მოგზაურობას უთმობს. ამჯერად ბიზნესმენი ველოსიპედით ათენიდან კატმანდუმდე აპირებს მისვლას, შემდეგ ევერესტამდე გზას ფეხით განაგრძობს.

პოლ ეფმორფიდისის მარშრუტში საქართველოც მოხვდა და მან თბილისში ვიზიტისას bm.ge-ის კითხვებსაც უპასუხა.

- ვიდრე თქვენს მოგზაურებაზე გკითხავთ, თქვენს ბიზნესზე რომ მოგვიყვეთ, რას აწარმოებთ და რაზე აკეთებთ მთავარ აქცენტს?

- ჩვენ მსოფლიოსში ყველაზე კომფორტულ საწოლებს და მატრასებს ვაწარმოებთ, ნედლეული კი, რითაც ეს პროდუქტი მზადდება არის ეკოლოგიურად სუფთა. ვიყენებთ ბამბას, ქოქოსის ბოჭკოს, ლავანდას; ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენი პროდუქცია მომხმარებლებს ენერგიით ავსებს, რადგან არ არის მკვდარი სხეულებისგან დამზადებული, მაგალითად, პოლიეთილენისგან. თავიდანვე მიზანი ეს იყო; შესაბამისად, დღეს მსოფლიოს 17 ქვეყანაში ჩვენი მაღაზიაა განთავსებული და ჩვენს პროდუქციას ვყიდით. ველოსიპედით მოგზაურობა კი, ჩემი ჰობია. ველოსიპედის პირველი პროტოტიპი საბერძნეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში ათენში ავაწყვეთ; ჩემი კომპანია ველოსიპედებსაც აწარმოებს. გადაწყვიტე, რომ სწორედ ჩვენ მიერ წარმოებული ველოსიპედით მემოგზაურა ათენიდან კატმანდუმდე 3 თვის განმავლობაში. შემდეგ კი, ჩემს ველოსიპედს უკვე ზურგზე მოვიკიდებ და ისე ავალ ევერესტზე, 8 848 მეტრი ვიცი ძალიან მაღალია, მაგრამ მჯერა, რომ შევძლებ. ახლა ამ ეტაპზე საქართველოში ვარ, ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა, სადაც კი ვყოფილვარ. ხალხი ყოველდღიურად მეხმარება, წყალს და საჭმელს, მთავაზობენ.

- ქართველ ბიზნესმენებს ხშირად ვეკითხებით, რა გამოწვევებს თუ პრობლემებს აწყდებიან ბიზნესის წარმოების პროცესში, თქვენც იგივე მინდა გკითხოთ, რა პრობლემებს წააწყდით მაშინ, როცა ბიზნესს იწყებდით?

- საბერძნეთში ბიზნესი ჯერ კიდევ 30 წლის წინ დავიწყეთ. მთავარი მიზანი იყო, რომ გაგვეკეთებინა ისეთ რამ, რაც სიამოვნებას მოგვანიჭებდა, იქნებოდა ეკოლოგიურად სუფთა და თანაც მომგებიანი. თავდაპირველად ძალიან რთული იყო ამ კომბინაციის შექმნა, რადგან გაგვიჭირდა ნედლეულის მოძიება. ეკოლოგიურ ნედლეულს ვერ იყიდი, უნდა მოიპოვო, რასაც დიდი დრო დასჭირდა. თავდაპირველად მომხმარებლებს ჩვენს პროდუქციაზე შეჩვევა გაუჭირდათ, რადგან მსგავსი რამ ბაზარზე მანამდე არც ყოფილა. ამ დროს კი, შენს გადაწყვეტილებაში მაქსიმალურად დარწმუნებული უნდა იყო და უნდა შენი პროდუქტი გიყვარდეს, მიუხედავად იმისა, რომ ის პირველ ეტაპზე წარმატებული ვერ იქნება. მომხმარებლები ორჯერ ფიქრობენ და საბოლოოდ, მაინც იმას ყიდულობენ, რაზეც აქვთ ინფორმაცია. 30 წლის შემდეგ კი, რიცხვები ასეთია, მსოფლიოს მასშტაბით გვაქვს 124 მაღაზია და იმედი მაქვს, რომ მალე მათ რიცხვს საქართველოც შეემატება. უკვე ვესაუბრე თბილისში ორ კომპანიას, რომლებიც ძალიან დაინტერესდნენ ჩვენი წარმოებით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ასევე საქართველოში ხის ველოსიპედების წარმოებაც დავიწყოთ. ამიტომ ჩემი ქართველი მეგობარი აპირებს წამოვიდეს საბერძნეთში და ისწავლოს ხელობა. ამის შემდეგ კი, უკვე წარმოება დავიწყოთ. ამ ეტაპზე ველოსიპედის 8 სხვადასხვა მოდელი გვაქვს.

- თუ შეგვიძლია, რომ ვისაუბროთ ვადებზეც, როდის შევძლებთ საქართველოში თქვენ მიერ წარმოებული პროდუქციის შეძენას?

- საბავშვო ველოსიპედების წარმოების დაწყება, ვფიქრობ, 6 თვეში შესაძლებელი იქნება; რაც შეეხება საწოლებსა და მატრასებს ის დამოკიდებულია კომპანიების ინტერესზე, რა სახით იქნება შესაძლებელი ჩვენი პროდუქციის თქვენთან შემოტანა.

- მსოფლიოს მასშტაბით რამდენ ქვეყანაში არის ამ ეტაპზე წარმოდგენილი COCO-MAT-ის პროდუქცია?

- ჩვენს პროდუქციას შეხვდებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა: ბელგია, საფრანგეთი, ჰოლანდია, იტალია, შვეიცარია, ესპანეთი, საბერძნეთი. ვართ ასევე აზიაში - იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და სამხრეთ აფრიკაში. ბევრ ქვეყანაში საკუთარი მაღაზიაც გვაქვს, სადაც ჩვენი პროდუქცია იყიდება. დღეს მომხმარებლებს აქვთ ფული, თუმცა დიდხანს ფიქრობენ იმისთვის, რომ თავიათი ფინანსები ისეთ პროდუქტზე დახარჯონ, რაც მათთვის ნამდვილად ღირებული იქნება. ამიტომ ჩვენს პოტენციურ მყიდველებს ვაძლევთ შეძლებლობას, ჩვენი პროდუქტი იქამდე სანამ იყიდიან, გამოსცადონ. მაგალითად თუ არსებობდა “ტესტ დრაივი” მანქანის შემთხვევაში, ჩვენს შემთხვევაში “ტესტ ძილი” ჰქვია, ჩვენივე სასტუმროები ჩვენივე პროდუქციით არის აღჭურვილი, ვგულისხმობ მატრასებს და საწოლებს, სადაც მომხმარებელს შეუძლია 3-4 ღამე ყოველგვარი გადასახადის გარეშე დარჩეს, გამოსცადოს პროდუქცია და უკვე ამის შემდგომ გააკეთოს არჩევანი მის ყიდვაზე. ასევეა ველოსიპედების შემთხვევაშიც, შეგიძლია პროდუქტი 1 თვის განმავლობაში გამოსცადო, შემდეგ კი, შეიძინო. საინტერესოა ისიც, რომ როცა ველოსიპედს ყიდულობ შენ თვითონვე რგავ 1 ხეს. ჩვენ საბერძნეთში გვაქვს სამი ლოკაცია, სადაც ჩვენი მომხმარებლები შენაძენის გაკეთების შემდეგ რგავენ თავიანთი სახელობის ხეს და ზრუნავენ გარემოზე. ეს ხეები კი, ჩვენ მომავალში ახალი პროდუქტების დამზადების მასალას გვაძლევს.

- რომელ საფასო სეგმენტზე მუშაობთ?

- ფასები არის საშუალო სეგმენტზე გათვლილი, რადგან როცა ნედლეულის ყიდვა არ გვიწევს და ყველაფერს ვაწარმოებთ, შესაბამისად, ისეთი ძვირიც არ გვიჯდება, არ ვართ ძვირადღირებული პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, ამიტომ მომხმარებლებს პროდუქციას მისაღებ ფასებში ვაწვდით.

- რატომ გადაწყვიტეთ ველოსიპედით გემოგზაურათ? რა იყო მთავარი მიზანი?

- მე გადავწყვიტე, რომ ჩემი მოგზაურობით ახალგაზრდებისთვის დამენახვებინა, რომ არ უნდა შევუშინდეთ სიცივეს, ყინვას, უნდა გვიყვარდეს ბუნება და არ უნდა გვეშინოდეს მისი. 62 წლის ვარ, ბიზნესი კარგად მიდის, ძალიან ბევრი დროც მაქვს, ამიტომ რატომაც არა, გადავწყვიტე, გამევლო რამდენიმე ათასი კილომეტრი და ბოლოს უკვე ფეხით ავსულიყავი ევერესტზე და დამემტკიცებინა, რომ თუ რაიმეს მოინდომებ, აუცილებლად შეძლებ. ეს არ არის ჩემი პირველი მოგზაურობა, გასულ წელს ვიმოგზაურე ევროპაში, გავიარე 12 000 კილომეტრი.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ათენში ახლა ვაშენებთ უკვე ხის ნავს, რითაც მომავალი წლის მარტში ამაზონის დასალაშქრად წავალთ. იქნება 3,5-თვიანი მოგზაურობა. დავიწყებთ პერუდან და მოვხვდებით ზუსტად იმ ადგილებში, სადაც ხანძარია.