მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 კომაროველი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში - ინტერვიუ კომაროვის სკოლის დირექტორთან

6065d98a95271
ვიქტორია მღებრიშვილი
02.04.21 00:00
7687
50-წლიანი ისტორიის მქონე კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N 199 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები თამარ კორკოტაშვილი და ნიკოლოზ ბირკაძე მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სრული დაფინანსებით მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ სკოლა-პანსიონ კომაროვის ფეისბუქ-გვერდზე მიმდინარე წლის იანვარსა და მარტში პერიოდულად ქვეყნდებოდა, რასაც როგორც სოციალურ ქსელში, ასევე BM.GE-ზე გამოქვეყნების შემდეგ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღსანიშნია, რომ MIT-ის სწავლის გადასახადი ჯამში 300 000 დოლარამდე აღწევს და 2014 წლიდან MIT-ში ყოველწლიურად კომაროვის სკოლის ერთი კურსდამთავრებული მაინც აგრძელებს სწავლას. თამარ კორკოტაშვილისა და ნიკოლოზ ბირკაძის ჩათვლით, MIT-ში სწავლის შესაძლებლობა 8 კომაროველს ხვდა წილად.

BM.GE დაინტერესდა - რა ეტაპების გავლა უწევთ სკოლის კურსდამთავრებულებს საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისთვის, რა შესაძლებლობას აჩენს კომაროველებისთვის და თავად სკოლისთვის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება - ამ და სხვა კითხვებით კომაროვის სკოლის დირექტორს ვანო კვიტაშვილს მიმართა, რომელიც ამბობს რომ კურსდამთავრებულებისთვის „ეს ყველაფერი ნიშნავს საგზურს მომავალში“.

- როგორც ვიცით, კომაროვიდან 6 წელია რაც კურსდამთავრებულები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) სწავლის უფლებას სრული დაფინანსებით იღებენ. რა კრიტერიუმებით არჩევენ MIT-ში მოსწავლეებს, რაზე აკეთებენ აქცენტს?

MIT-ში სწავლის დასაწყებად საკმაოდ რთული გზაა გასავლელი. აპლიკანტები მკაცრად, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით ფასდებიან. ამას ადასტურებს სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც საშუალოდ მსურველი მოსწავლეების, მხოლოდ 6.7%-ის მიღება ხდება MIT-ში. მაგალითად, გასულ წელს 21,312 აპლიკანტიდან, მხოლოდ 1427 მოსწავლე მიიღეს.

სტანდარტულად ითხოვენ TOEFL/IELTS და SAT ტესტირების შედეგებს. სარეკომენდაციო წერილებს, სკოლის ნიშნებსა და სამოტივაციო წერილს. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევენ მოსწავლეების სხვადასხვა ტიპის აქტივობებს და მიღწევებს სკოლის პერიოდში. დიდი მნიშვნელობა ენიჭება წარმატებებს მსოფლიო ოლიმპიადებზე, სადაც კომაროვის მოსწავლეები ყოველწლიურად მოწინავე პოზიციებს იკავებენ.

მსოფლიო ოლიმპიადებზე მოსწავლეთა წარმატების, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელია სასკოლო წრეები მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში, სადაც ასწავლიან პედაგოგები, რომლებიც, გარდა საგნობრივი კომპეტენციისა, მოსწავლეებს უზიარებენ ინფორმაციას საკუთარი საოლიმპიადო წარმატებებისა და გამოცდილებების შესახებ. ამის შედეგია მოსწავლეთა არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო წარმატება. საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე სკოლის მოსწავლეებს 20-ზე მეტი ოქროს, 60-მდე ვერცხლის, 100-ზე მეტი ბრინჯაოს მედალი და 40-მდე საპატიო სიგელი აქვთ მოპოვებული.

- რა როლს ასრულებს ამ პროცესში კომაროვის სკოლა?

რაც შეეხება კომაროვის როლს, ჩვენი კურსდამთავრებულების მსოფლიოს სხვადასხვა წარმატებულ უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად, გარდა იმ ცოდნისა და უნარებისა, რომელსაც ჩვენი სკოლა აძლევს მოსწავლეებს, სკოლაში უნივერსიტეტებთან ურთიერთობის სამსახური აქტიურად მუშაობს, რომლის ხელმძღვანელი მაია ოთიაშვილი International Association for College Admission Counseling - ის წევრი და სტიპენდიანტია. სამსახურის მიზანი სწორედ მოსწავლეების დახმარებაა სწავლის პერიოდში სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვაში და შემდგომ აპლიკაციის შევსებაში, სტიპენდიების მოძიებასა და უნივერსიტეტებთან ურთიერთობაში.

- რა შესაძლებლობებს ხსნის ეს თქვენი სკოლის კურსდამთავრებულების წინაშე?

იყო MIT-ის კურსდამთავრებული, ნიშნავს იყო მსოფლიო მოქალაქე, კონკურენტული. MIT-ის ბაკალავრიატი 4 წელს მოიცავს. გქონდეს მსოფლიოში წარმატებულ, მაღალანაზღაურებად კომპანიებში დასაქმების უდიდესი პერსპექტივა, გქონდეს უამრავი შესაძლებლობა კარიერული წინსვლისთვის. სტუდენტების დასაქმებას კოორდინაციას თავად MIT–ის კარიერული კონსულტაციისა და პროფესიული განვითარების ოფისი უწევს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018–2019 წლებში 700–ზე მეტი კომპანია იყო დაინტერესებული დაესაქმებინა MIT-ის კურსდამთავრებულები. დასაქმების კარგი შესაძლებლობაა, ასევე ბაკალავრის სტუდენტების მიერ ორგანიზებული MIT-ის კარიერული გამოფენა, რომელიც ყოველ სექტემბერში იმართება და როგორც წესი, 450-ზე მეტ კომპანიას და 5 000 სტუდენტს იზიდავს.

MIT-ის მსოფლიოში გამორჩეული რეპუტაცია არის წარმატებული კომპანიების მაღალი ინტერესის გარანტორი დაასაქმოს მისი კურსდამთავრებულები. MIT-ის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს, სიმდიდრით მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზე იქნებოდა.

- რა მნიშვნელობა აქვს სკოლისთვის თქვენი კურსდამთავრებულების MIT-სა და სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას?

კომაროვის სკოლის მისია საქართველოს მასშტაბით მათემატიკური ნიჭით გამორჩეული მოსწავლეების აღმოჩენა და ლიდერების აღზრდაა. სკოლის მიზანია, მისცეს მათ მაღალი ხარისხის პროფილური განათლების მიღების შესაძლებლობა, დაეხმაროს დამოუკიდებლად ცხოვრებისა და მუშაობის უნარის გამომუშავებაში, დაეხმაროს ადრეულ ასაკში მეცნიერული მუშაობის მეთოდების გაცნობასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, ასევე, მიზანმიმართულობის, თვითრეალიზაციის, მოტივაციის გაღრმავებასა, სირთულეების გადალახვის ჩვევის გამომუშავება.

ეს ყველაფერი კი ნიშნავს საგზურს მომავალში, სადაც ნებისმიერი დაბრკოლება გადალახვადია. საზღვარგარეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში მოსწავლეთა მოხვედრის რაოდენობის ზრდა იმის დასტურია, რომ კომაროვის სკოლა განვითარების სწორ გზას ადგას, ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მოწინავე პოზიციებს მყარად ინარჩუნებს, და არის სკოლა, რომელიც მოსაწავლეებს ხარისხიანი, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი განათლების უფასოდ მიღების შესაძლებლობას აძლევს.

- რამდენ და რომელ საერთაშორისო უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობს კომაროვის სკოლა? რამდენი წელია რაც თქვენი სკოლის მოსწავლეებს საერთაშორისო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ და რამდენმა მოსწავლემ გააგრძელა სწავლა საზღვარგარეთ?

International Association for College Admission Counseling ყოველწლიუარად ახორციელებს უნივერსიტეტებისა და სკოლების წარმომადგენლების შეხვედრებს, საქართველოშიც ტარდება შესაბამისი გამოფენები, რომელშიც აქტიურად ვმონაწილეობთ. ვთანამშრომლობთ Education USA Georgia-თან, გვაქვს კონტაქტები მსოფლიოს სხვადასხვა სკოლებთან, რის ფარგლებშიც ხდება გამოცდილების გაზიარება.

2017 წლიდან, კომაროვის სკოლის 80-მდე კურსდამთავრებულმა საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში გააგრძელა. ეს უნივერსიტეტებია: American University in Bulgaria; Bradfield College; Chigwell School Worcester; Christs Hospital; Duke University; Fitzwilliam College; Hamilton College; Lafayette College; Massachusetts Institute of Technology; Oswestry School; University of Pennsylvania; Polytechnic Institute; Stockholm School of Economics; Tonbridge School; University of Debrecen; University of Manchester; University of Cambridge; Duke Kunshan University; Vanderbilt University, Caldwell University, École Polytechnique, Carleton University, Jacobs University Bremen, New York University Abu Dhabi, Carnegie Mellon University Qatar, Hartwick college, Charls University და სხვა.