მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 მილიონი ლარის ზარალი - რა უჯდება "ენერგო პროს" სვანეთის უსასყიდლოდ ელექტრომომარაგება

5db9b4f0d054a
შოთა ტყეშელაშვილი
31.10.19 09:45
4252
სვანეთის რეგიონის მაცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხიდან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსისიდირებას ახდენს, თუმცა სვანეთში განსხვავებული ვითარებაა - აქ მოსახლეობას დენის ტარიფი არასდროს გადაუხდია. BMG-ის “ენერგო პრო ჯორჯიაში” განუცხადეს, რომ უკანასკნელ პერიოდში სვანეთის რეგიონში ელექტრომომხმარება მკვეთრად გაიზარდა, რაც კომპანიისთვის სოლიდურ ფინანსურ დანაკარგებს იწვევს. ამასთანავე, "ენერგო პრო" კრიპტოვალუტების მზარდ მოპოვებას ასევე კიდევ ერთ პრობლემად აღიქვამს. 

“ენერგო პროს” ინფორმაციით, მათ 2019 წლის 9 თვეში, კომპანიამ სვანეთის რეგიონს უსასყიდლოდ 50 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მიაწოდა, რომლის ღირებულებაც 8 მილიონ ლარს შეადგენდა.

ენერგო პრო ჯორჯია სვანეთის ენერგომომარაგების შესახებ:

კითხვა: რა კონფიგურაციით ხდება სვანეთის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება?

პასუხი: სვანეთის რეგიონს ელექტროენერგია ნამდვილად უფასოდ მიეწოდება, ეს გადაწყვეტილება კომპანიამ თავის დროზე რეგიონის მდებარეობის და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო.

კითხვა: სვანეთის ტერიტორიაზე მაღალი ტემპით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. თუ იწვევს ეს “ენერგო პრო ჯორჯიასთვის” ფინანსურ ზიანს? მაგალითად, ელექტროგადამცემი ხაზებისა და ტრანსფორმატორების გაზრდის ცვეთას, ელექტროენერგიის მიწოდების გაუარესებას, მოქალაქეთათვის მიწოდებაზე გრაფიკის დაწესებას?

პასუხი: გრაფიკის დაწესება, რა თქმა უნდა, არ მოხდება, თუმცა ელექტროენერგიის მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა, ხშირ შემთხვევაში ვერ უძლებს ელექტროგადამცემი ხაზები და ხშირია ავარიული გათიშვები, ასეთი ზრდა არასოდეს ყოფილა გათვალისწინებული, მათ შორის არც კომუნისტების დროს....

კითხვა: როგორც ცნობილი გახდა, სვანეთის ცალკეულ სოფლებში საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს საკუთარ სახლებში კრიპტოვალუტების მაინერი აქვთ დაყენებული, აღიქვამთ თუ არა ამას პრობლემად?

პასუხი: კომპანია, რა თქმა უნდა, ამას აღიქვამს პრობლემად. მის აღმოსაფხვრელად და კრიპტოვალუტების გამომუშავების მოწყობილობების აღმოსაჩენად, ყველა საფიდერე ხაზზე მოეწყობა საბალანსო აღრიცხვის წერტილები. აგრეთვე, სატრანსფორმატორო პუნქტებზე დამონტაჟდება მრიცხველები, თუმცა, ეს პროცესი მიმდინარეობს მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის ფონზე, რაც აფერხებს ჩვენ მიერ დაგეგმილი სამუშაოების წარმოებას.

კითხვა: სვანეთის რეგიონში მოქალაქეთა მხრიდან დენის ტარიფის საფასურის გადახდა არ ხდება. რა მოცულობის ფინანსურ ზარალს იწვევს ეს თქვენი კომპანიისთვის?

პასუხი: საფასურის გადაუხდელობის გამო, 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, კომპანიის კარგვა არის 50 მლნ კვტ, 8 მლნ ლარი.