მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში ქართული ბანკების მოგება 553.5 მლნ იყო, ზრდა 8%-ია

5d889cab37ea1
შოთა ტყეშელაშვილი
23.09.19 14:53
1373
2019 წლის პირველ რვა თვეში, ქართული კომერციული ბანკების მოგებამ 553.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 8%-ით მეტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2019 პირველ 8 თვეში ქართული ბანკების მთლიანი შემოსავლები 7.4%-ით გაიზარდა და მან 2,869,497,000 ლარი შეადგინა. მათ შორის ზრდა შეიმჩნევა როგორც - ფიზიკური, ასევე იურიდული პირების მიმართულებით.

ფიზიკური პირების სესხებიდან ბანკებმა 1,281,465,000 ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღეს (2.8%-ით მეტი 2018 წელთან შედარებით), ხოლო იურიდიული პირებიდან მიღებულმა საპროცენტო შემოსავალმა კი, 743,272,000 ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით მეტია.

ამასთანავე, ზრდა ფიქსირდება ჯარიმების და საურავების აკრეფით მიღებულ შემოსავლებში. სულ ბანკებმა 60,910,000 ლარის ჯარიმები აკრიფეს (ზრდა 12.4%). ვალუტის კონვერტაციის ოპერაციებით კი, ბანკებმა 253,586,000 ლარი დააგენერირეს, რაც 2018 წელთან შედარებით 87%-ით მეტია.

რაც შეეხება ბანკების ხარჯებს, მთლიან ხარჯებში წამყვანი ადგილი მოქალაქეებისა და ბიზნესების მიერ ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებზე გაწეული საპროცენტო სარგებლის ხარჯია, რამაც 2019 წლის 8 თვეში 556,997,000 ლარი შეადგინა (ზრდა 12.3%).

ადმინისტრაციულ, საოფისე და საექსპლოატაციო, ასევე სხვა სახის არასაპროცენტო ხარჯებისთვის ბანკებმა 847,022,000 ლარი გაიღეს, რაც 2018 წელთან შედარებით 11%-ით მეტია.

აქტივების დანაკარგით გამოწვეული შესაძლო ზარალის სახით, ქართულმა ბანკებმა 309,667,000 ლარი აღრიცხეს, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. მთლიანობაში მოგებამ დაბეგვრამდე - 619,342,000 ლარი, წმინდა მოგებამ კი, 553,552,000 ლარი შეადგინა. მოგების გადასახადის სახით გადახდილი თანხა - 55,901,000 ხოლო გაუთვალისწინებელი ხარჯები კი, 9,889,000 ლარს შეადგენდა.