მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში საქართველომ $48 მილიონის სხვადასხვა ვაქცინა იყიდა

6148460a147e8
შოთა ტყეშელაშვილი
20.09.21 12:47
640
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ $47,784,000 დოლარის ღირებულების სხვადასხვა ვაქცინები შეიძინა. ამასთანავე, შესყიდული ვაქცინების მოცულობა 15.5 ტონაა.

სტატისტიკის თანახმად, ვაქცინების იმპორტი 2021 წელს $43 მილიონით (935%-ით) გაიზარდა. ზრდის მთავარი მიზეზი ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემოტანაა. სტატისტიკის თანახმად, წელს საქართველომ ყველაზე დიდი ღირებულების - $24.2 მილიონის ვაქცინები ჩინეთიდან შეიძინა, რაც “სინოფარმის” და “სინოვაკის” ვაქცინების შესყიდვას უკავშირდება.

ვაქცინების უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების ათეული ასე ნაწილდება:

1 ჩინეთი - 24.2 მილიონი დოლარი;
2 ბელგია - 8.0 მილიონი დოლარი;
3 აშშ - 6.1 მილიონი დოლარი;
4 საფრანგეთი - 5.2 მილიონი დოლარი;
5 ჰონ-კონგი - 2.0 მილიონი დოლარი;
6 ინდოეთი - 1.1 მილიონი დოლარი;
7 ნიდერლანდი - 0.7 მილიონი დოლარი;
8 დანია - 0.2 მილიონი დოლარი;
9 ლიეტუვა (ლიტვა) - 0.1 მილიონი დოლარი;
10 ლატვია - 0.1 მილიონი დოლარი.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს სახელმწიფო ყიდულობს, 2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, ვაქცინების შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 160 მილიონი ლარია. 

საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. მას შემდეგ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით აიცრა 947,477 ადამიანი, ხოლო 707,563 ადამიანი კი ორჯერადად არის აცრილი. დღემდე ქვეყანაში 1,655,040 დოზა ვაქცინა არის ჩატარებული.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 3,728,600-ია, მათ შორის ზრდასრულების რაოდენობაა 2,861,000 ადამიანი, საიდანაც 60%-ის აცრა 1,716,600 მოქალაქის ვაქცინაციას ნიშნავს. 20 სექტემბრის ჩათვლით ზრდასრული მოსახლეობის 33.1% არის ერთხელ მაინც აცრილი, ხოლო ორჯერადად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 24.7%.