მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში საქართველომ ღვინის ექსპორტით $145 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

613867b531da2
ვიქტორია მღებრიშვილი
08.09.21 19:50
772
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 145 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 13%-ით მეტია, ხოლო ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 19%-ითაა გაზრდილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის 8 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 59 ქვეყანაში 65 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.

სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველ ხუთეულში რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი შედიან, ხოლო ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა ისეთ ქვეყნებშია შენარჩუნებული, როგორიცაა: პოლონეთი - 29% (3 638 057); ჩინეთი - 9% (3 373 517); ლატვია - 4% (1 119 219); ლიეტუვა - 56% (675 510); აშშ - 26% (700 696); გერმანია - 23% (553 852) და დიდი ბრიტანეთი - 73% (435 264);

მიმდინარე წელს, ღვინის ექსპორტის ზრდა შემდეგ ქვეყნებში შეიმჩნეოდა: კანადა - 132% (235 888); შვედეთი - 65% (69 280); ჩეხეთი - 646% (112 236); საფრანგეთი - 31% (50 416); ყაზახეთი - 37% (2 552 200); ისრაელი - 52% (304 827); აზერბაიჯანი - 21% (158 411); თურქეთი - 156% (77 226); უკრაინა - 16% (7 366 327); რუსეთი - 17% (39 474 016); მონღოლეთი - 316% (306 690); ბელარუსი - 13% (2 062 327) და ა.შ.

ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 368-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 22 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 21%-ით აღემატება. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 40.3 მლნ დოლარს მიაღწია (ზრდა 8%).

ამავე პერიოდში, ქვეყნიდან 570 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა გავიდა ექსპორტზე და ზრდამ 115% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი 1.3 მლნ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 91% შეადგინა.

აღსანიშნია, რომ ჯამში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 234 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია.