მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 უნარი, რაც კორონავირუსის შემდგომ მსოფლიოში კარიერული წარმატებისთვის მნიშვნელოვანი იქნება

5ea1c7d2d8e77
თამთა ჯიჯავაძე
24.04.20 00:10
7295
მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა კარანტინშია. დრო გვაქვს იმისთვის, რომ ვიფიქროთ თუ როგორი იქნება მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ. ძალიან ბევრი ბუნდოვანებაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ტრანსფორმირდება მსოფლიო. ერთი რამ კი ნათელია, მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც ამ დრომდე იყო. შეიცვლება ყველაფერი, მათ შორის ჩვენი სამუშაო ადგილები. ახალი უნარების გამომუშავება გახდება საჭირო. Forbes-მა ის რვა ძირითადი უნარი გამოყო, რაც კორონავირუსის შემდგომ მსოფლიოში, სავარაუდოდ მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი იქნება.

ადაპტაციის უნარი და მოქნილობა

ერთი რამ ნათელია, ის გზები, რითიც დღეს კომპანიები მუშაობენ და ოპერირებენ, შეიცლება. მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლებოდა, პანდემიამ კი ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. ყველა, ვისაც წარმატების მიღწევა ელოდება კორონავირუსის შემდეგ პერიოდში, მოუწევს სწრაფი ადაპტაციის უნარი ჰქონდეს სამსახურში და ჰქონდეს შესაძლებლობა განაგრძოს მუდმივად უნარების განვითარება და განმტკიცება.

ტექნოლოგიების ცოდნა

ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გზა მოამზადოთ საკუთარი თავი კორონავირუსის შემდგომი პერიოდისთვის არის ტექნოლოგიური უნარების გამომუშავება. კორონავირუსის გამო, კომპანიებმა ძალიან სწრაფად განიცადეს ციფრული ტრანსფორმაცია, რათა უფრო მეტად გახდნენ მომავალი შესაძლო ეპიდემიებისა და შეფერხებების მიმართ მოქნილი. ამისათვის კი მნიშვნელოვანი იქნება ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური რეალობა, Internet of Things და რობოტიკა. ხოლო თანამშრომელი, რომელიც კომპანიებს ამ მიმართულებით განვითარებაში დაეხმარება, წარმატება ელის. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ მუშაობთ ქარხანაში, თუ საბუღალტრო კომპანიაში, ტექნოლოგიური უნარები ყველგან გამოგადგებათ იმისათვის, რომ თქვენი სამომავლო მუშაობა ეფექტური იყოს.

კრეატიულობა და ინოვაციები

ჩვენ უკვე ვნახეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინოვაციურობა და კრეატიულობა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. კომპანიებს მსგავს სიტუაციებში სჭირდებათ შეცვალონ სერვისის მიწოდების გზები და სწრაფად გადაერთონ ახალ პროდუქტებზე. კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება გამომგონებლობა, ახალი პროდუქტების შემუშავება და მუშაობის ახალი გზების ძიება. აქ კი თანამშრომელთა კრეატიულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მონაცემთა ცოდნა

მონაცემები ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი აქტივია. სწორი მონაცემებით კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა უკეთ გათვალონ რა იქნება მომავალში ბიზნესის შეფერხების მიზეზი და უკეთ ახერხებენ მომხმარებლებს ზუსტად ის პროდუქტი შესთავაზონ, რაც პანდემიის შემდეგ იქნება მათთვის ყველაზე სასურველი. თუმცა, მონაცემები კომპანიისთვის მანამ არის გამოუსადეგარი, ვიდრე მისი გაგების და ანალიზის უნარი არ იქნება. ადამიანები კი ამ უნარებით აღჭურვილები უკეთ შეძლებენ მონაცემების გაგებას და ამის საფუძველზე უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას. ასე რომ პროფესიონალები მონაცემთა ცოდნით უფრო პერსპექტიულები იქნებიან მომავალში, ვიდრე ამ დრომდე იყვნენ.

კრიტიკული აზროვნება

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც გლობალური ეკონომიკის აღდგენისთვის იქნება საჭირო არის კრიტიკული აზროვნება. პანდემიის დროს, ჩვენ ვნახეთ თუ რა შეტევები იყო ე.წ ფეიკ ნიუსების და კვლევებისა და მონაცემების არასწორად ინტერპრეტირების. ადამიანები, რომლებსაც ობიექტურად შეუძლიათ შეაფასონ სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია, მათ შეუძლიათ განსაზღვრონ თუ რა არის ღირებული და სარწმუნო და რა არა. ყველა ინფორმაციის ნდობა არ შეიძლება, კრიტიკული აზროვნება კი მნიშნელოვანი იქნება იმისათვის, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს სწორად იქნეს გააზრებული არსებული ინფორმაცია.

ციფრული უნარები

კორონავირუსის გამო, ორგანიზაციების ციფრული ტრანსფორმაცია გრძელდება. ამ პროცესში კი საჭიროა პროფესიონალები, ვისაც ციფრული უნარები, კოდირების, ვებ-განვითარებისა და ციფრული მარკეტინგის შესაძლებლობები აქვთ. ისინი უფრო მნიშვნელოვანები გახდებიან მომავალში. ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ბიზნესის ციფრული ოპერირება, რასაც ეკონომიკური დაღმასვლისა და პანდემიების დროს გამოიყენებენ, ნამდვილად მოთხოვნადი გახდებიან.

ლიდერული უნარ-ჩვევები

ყველა ორგანიზაციაში, ყველა დონეზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება საჭირო იმისათვის, რომ სხვებს უხელმძღვანელონ. ყველაფერი ვითარდება და ადამიანებს მოუწევთ გაცილებით უფრო ჭკვიან და გონიერ გუნდებთან მუშაობა. პროფესიონალები ძლიერი ლიდერული უნარ-ჩვევებით, რომლებიც შეძლებენ გუნდების ინსპირირებას, თანამშრომლობას და გუნდების გაძღოლას, სასურველი თანამშრომლები გახდებიან კომპანიებისთვის.

ემოციური ინტელექტი

ემოციური ინტელექტი ყველაზე მჭიდროდ ლიდერულ უნარებთან არის კავშირში. ემოციური ინტელექტი გაურკვეველ და რთულ პერიოდებში განსაკუთრებით მნიშნელოვანია. უნარი გააცნობიერო, გამოხატო სწორად და აკონტროლო ემოციები, ასევე მიხვდე სხვების ემოციებს, სწორედ ეს არის ემოციური ინტელექტი. იმ დროს როდესაც შენი თანამშრომლები დაბნეულები არიან თავიანთი სამსახურების გამო, კომპანიის მომავლის და მათი საქმიანობის გაურკვევლობის გამო, მნიშვნელოვანია, მათთან ემოციური კავშირის დამყარება. ლიდერები კი, რომელთაც ძლიერი ემოციური ინტელექტი აქვთ, ყველა ზომის ორგანიზაციასა და ყველა ინდუსტრიაში მნიშვნელოვანია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით, უნარების 35 პროცენტი რაც დღეს მნიშვნელოვანია, ხუთ წელიწადში შეიცვლება. ერთ გზა არის იმისათვის, რომ კორონავირუსის შემდგომ რეალობაში რელევანტურობა შეინარჩუნო: ეს არის მთელი ცხოვრების მანძილზე სიახლეების სწავლა.