მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 წლის შემდეგ ფოსტის შესახებ კანონპროექტი იცვლება

63a1df996e45b
ანუკა ჯოხაძე
24.12.22 21:00
1102
ეკონომიკის სამინისტრო ფოსტის შესახებ კანონპროექტის ახალ რედაქციაში ევროკავშირის დირექტივის დამატებას გეგმავს, რომელიც ტრანსსასაზღვრო ამანათებს ეხება. რეგულაციები ბაზრის მოთამაშეებს ახალ ვალდებულებებს გაუჩენს. სამინისტროში საბოლოო კანონპროექტზე მუშაობის დასრულებას 2025 წლისთვის გეგმავენ.

ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე აცხადებს, ახალი რეგულაციები, რომელიც ტრანსსასაზღვრო ამანათებს ეხება ბაზრის მოთამაშეებს ახალ ვალდებულებებს უწესებს.

გადამზიდავ კომპანიებს მარეგულირებლისთვის, რომლის დანიშვნაც ბაზრის რეფორმირების ნაწილია, კონკრეტული სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას უდგენს. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ კანონპროექტის განახლება ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მოხდება, უწყებაში განახლებული დოკუმენტზე მუშაობის დასრულებას მომდევნო 2 წლის ვადაში გეგმავენ.

“კომპანიებს ექნებათ ვალდებულება მიაწოდონ მარეგულირებელ ორგანოს კომპანიის შესახებ ინფორმაცია, დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ მონაცემები, ასევე ინფორმაცია ამანათების შესახებ, ზოგადი პირობების შესახებ, მათ შორის საჩივრების განხილვის შესახებ იმ ფორმებით რაც ასევე დადგენილი არის ამ ახალი რეგულაციით.

ეს რეგულაცია ავსებს სწორედ ამ ნაწილში იმ დირექტივებს, რომელზეც საქართველოს აქამდე ვალდებულება ჰქონდა. ვადებს საკმაოდ ვამჭიდროებთ, ვფიქრობთ, რომ 2024-25 წლისთვის, ეს გვაქვს ვადა, ახალი რეგულაცია უკვე უნდა გვქონდეს გაწერილი საქართველოს კანონმდებლობაში. ბოლო თარიღს ახლა ვერ გეტყვით, იმიტომ რომ დამოკიდებული ვართ ევროკავშირის მხრიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე.” - აცხადებს ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე.

ეკონომიკის სამინისტროს არგუმენტები კანონპროექტის მომზადების კიდევ 2 წლით გადავადების შესახებ კერძო სექტორისთვის მიუღებელია. იურისტი ნათია კუტივაძე ამბობს, რომ ცვლილებების კანონში ასახვას 2 წელი არ სჭირდება და ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაციები სახელმწიფოს 2019 წელს უკვე მიღებული ჰქონდა.

“ბუნდოვანია აღნიშნული განმარტება, რომ კიდევ დამატებით 2 წელს თვლიან ამ დირექტივის ვალდებულების ასახვას, მაშინ როცა ჩვენ კიდევ 2019 წლიდან ვიცოდით ამ დირექტივის რეგულაციები შესახებ, ვიცოდით, რომ სავარაუდოდ მოგვეთხოვებოდა ჰარმონიზების ნაწილში. ასევე აღნიშნული დირექტივა ითვალისწინებს სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდებას საფოსტო კომპანიებისგან, რომლებსაც აქვთ განსაზღვრული ზომა ბაზარზე.

50 დასაქმებულზე მეტი ჰყავთ. განსაკუთრებული დამატებით რაიმე რეგულაცია, რომელიც სირთულით ხასიათდება არ არის გათვალისწინებული.”-ამბობს იურისტი ნათია კუტივაძე.

რა ეტაპზეა კანონის პროექტი ამ დროისთვის კერძო სექტორში დაზუსტებით არ იციან, ბოლო ვერსია რაც ბიზნესის წარმომადგენლებმა ნახეს 2 წლის წინანდელია, რომელთან დაკავშირებითაც შენიშვნები სამინისტროს მაშინვე გადაეგზავნა. ფედექს საქართველოს დირექტორი აცხადებს, რომ კანონის პროექტმა უნივერსალური და კურიერული მომსახურების სფერო კი გამიჯნა, თუმცა გარკვეული ჩანაწერები ბიზნესის წარმოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება გახდეს.

ნინო მენთეშაშვილი განმარტავს, რომ თუ უნივერსალური მომსახურება წამგებიანი იქნება, დარგში მოქმედ ბიზნესებს მისი დაფინანსების ვალდებულება უჩნდება, რასაც კერძო სექტორი არ ეთანხმება.

“ეს უნივერსალური მომსახურების გამწევი კომპანია შეიძლება გახდეს კერძო კომპანია ის აღარ იქნება სახელწმიფოს საკუთრებაში, შესაბამისად, როგორ წარმოგიდგენიათ ერთმა კერძო კომპანიამ დააფინანსოს ბაზარზე მოთამაშე სხვა ბიზნესმა. ეს წარმოუდგენელია, მითუმეტეს გამომდინარე იქიდან რომ არცერთი ევროპული ქვეყანა ამ პრაქტიკას არ იცნობს.” - ამბობს ფედექს საქართველოს დირექტორი ნინო მენთეშაშვილი.

კითხვაზე აპირებს თუ არა აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებას ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით ჯერ-ჯერობით ცვლილებები კანონპროექტში არ ასახულა.

“გათვალისწინებული გვაქვს უნივერსალური მომსახურების გამწევი სუბიექტის ბიუჯეტიდან დაფინანსებაც, იმ შემთხვევაში თუ კერძო სექტორი მხრიდან საკმარისი არ იქნება არასამართლიანი ფინანსური ტვირთის დაფინანსება.

კანონპროექტი ისევ იმ სახით არის დატოვებული როგორსაც კერძო სექტორი იცნობს, თუმცა როცა გვეყოლება ევროპელი ექსპერტი ტრანსსასაზღვრო ამანათების ნაწილში, მთლიანად კანონპროექტს გადახედავს.” - ამბობს ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე.

ცნობისთვის, ფოსტის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა ეკონომიკის სამინისტრომ 8 წლის წინ, 2014 წელს დაიწყო. მომზადდა კანონპროექტიც, რომლის განხილვაც ყოველ წელს იგეგმებოდა პარლამენტში, თუმცა დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში არ გადაგზავნილა.