მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾80 მლნ-დან 20 მლნ შეიარაღებაზე დაიხარჯება - თავდაცვის სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტის პრიორიტეტები

632867737e9b1
ინგა მურუსიძე
19.09.22 17:15
991
2022 წელს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 80 მლნ. ლარით იზრდება. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 80 მილიონი ლარიდან შეიარაღებაზე 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სხდომაზე კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე ელისაშვილმა თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა არასაკმარისად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც რეგიონში, მეზობელ სახელმწიფოებს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და გაზრდილია უსაფრთხოების გამოწვევები, სახელმწიფომ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით, უფრო მეტი თანხები უნდა გამოყოს.

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის აღმაშფოთებელია პრიორიტეტების ასე დალაგება. სოფლის მეურნეობაზე გამოყოფილია 150 მილიონი ლარი და 80 მილიონი თავდაცვაზე, განცდა მაქვს, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ ვხვდებით, რა ხდება ჩვენ გარშემო. ჩვენი ყველა მეზობელი ქვეყანა ბრძოლაში არის ჩაბმული. ორი მეზობელი ერთმანეთს ესვრის, რუსეთი უკრაინაში იბრძვის, თურქეთი სირიაში და ა.შ.

20 მილიონი ლარი არის 7 მილიონი დოლარი, რა უნდა ვიყიდოთ, ერთი ცალი თოფი უნდა ვიყიდოთ, თუ ჯაყვა-დანა 7 მილიონ დოლარად? უბრალოდ უხერხულია ან გვითხარით, ვინმე თუ ისეთი იცავს ამ ქვეყანას, რაღაც განსაკუთრებული წმინდანი ან განსაკუთრებული მადლი, საერთოდ რომ არ ვილაპარაკოთ და ვიფიქროთ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. თუ ქვეყანა და სახელმწიფო ვართ პრიორიტეტები სწორად დავალაგოთ. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობას სჭირდება დაფინანსება, მაგრამ ამ რეალობაში, ჩვენგან რამდენიმე კილომეტრში ჩვენი ორი მეზობელი რომ ერთმანეთს საარტილერიო ცეცხლს უხსნის, 7 მილიონი დოლარის იარაღი უნდა ვიყიდოთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის კრიტიკას უპასუხა გიორგი კაკაურიძემ. ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, ეს თანხა მხოლოდ ნაწილია იმ შეიარაღების შესაძენად, რაც იგეგმება.

„ავიაცია და შეიარაღება არ არის მშენებლობასავით, რომ ეტაპობრივად გადაირიცხოს თანხები. აქ შეიძლება მთლიანად გადაირიცხოს თანხა. ჯამში შეიარაღების ნაწილში დაგეგმილი 148 მილიონიდან პირველ 6 თვეში 113 მილიონი ლარია ათვისებული, რაც საკმაოდ კარგი ათვისებაა, შესაბამისად, მოხდება დამატებით 20 მლნ-ის დამატება შეიარაღებაზე. მხოლოდ 7 მილიონი დოლარისას არ ვყიდულობთ, თავდაცვის სამინისტროს აქვს ძალიან კარგი პრაქტიკა, რომ რამდენიმეწლიან პროცესში ახორციელებს შესყიდვებს. ახალ შეიარაღებაზე ახლა, ღიად ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ეს თანხა არის ნაწილი იმისა, რაც შეიარაღებაზე უნდა დაიხარჯოს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.