მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8.3 მლნ ლარით კომპანია Dopplemayr-მა მთაწმინდა-რუსთაველის საბაგირო უნდა დაასრულოს

5f6f05d71c838
შოთა ტყეშელაშვილი
26.09.20 12:58
2031
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, თბილისის მერია კომპანია Dopplemayr-თან გაფორმებული შეთანხმების თანახმად, მთაწმინდა-რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობაში 8.3 მილიონ ლარს გადაიხდის. 

პროექტის განხორციელება თავდაპირველად, 2012 წლის ივნისში გაფორმებული შეთანხმებით განისაზღვრა, თუმცა მას შემდეგ მისი ტექნიკური პარამეტრები რამდენჯერმე შეიცვალა. ყველაზე მეტი ცვლილება რუსთაველის გამზირზე, საბაგიროს გაჩერების ადგილმდებარეობამ განიცადა, რომელიც თავდაპირველად სასტუმრო "რედისონის" მიმდებარედ განისაზღვრა. ტერიტორიის მიმდებარედ საბაგიროს ბეტონის მზიდი ბოძებიც ნაწილობრივ აშენდა, თუმცა შემდგომში დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით "რედისონის" ნაცვლად, საბაგიროს ბოლო გაჩერებად "მეცნიერებათა აკადემიის" შენობა განისაზღვრა. 

"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია ,,Doppelmayr Seilbahnen GmbH“-ს შორის 2012 წლის 5 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება, ქალაქ თბილისში, ვარდების მოედნისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის (8 MGD ტიპის მონოგონდოლა) დანადგარების, მათი მონტაჟის და ტესტირების, ასევე, საბაგიროსთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვის შესახებ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 20 აპრილის N15.16.355 განკარგულების საფუძველზე, მთაწმინდის პარკთან დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, თბილისის მერიასა და კომპანია „Doppelmayr Seilbahnen GmbH”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულების შესრულება დაეკისრა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“. საბაგირო გზის თავდაპირველ მარშრუტად განისაზღვრა სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით, ხოლო 2016 წლის თებერვალში არქიტექტორთა საბჭოს რეკომენდაციით, მოხდა მისი ქვედა სადგურის ლოკაციის ცვლილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 8 ივნისის N22.03.475 განკარგულების საფუძველზე ახალ ლოკაციად განისაზღვრა სსიპ ,,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საბაგირო გზის ძველი სადგურის შენობა. არქიტექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას ძირითად საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მეცნიერებათა აკადემიის ეზოში არსებული ძველი სადგური 1956 წელს ექპლუატაციაში შევიდა უშუალოდ, როგორც საჰაერო-საბაგირო გზის ქვედა სადგური და მისი გამოყენება შესაძლებელი იყო ახალ მარშრუტზე. მთავრობის გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საექსპერტო დასკვნა საბაგირო გზის ქვედა სადგურის შენობის საინჟინრო-გეოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე, კომპანია „დოპელმაიერის“ თანხმობა ქვედა სადგურად, საბაგიროს ძველი სადგურის შენობის გამოყენებასთან დაკავშირებით,"- ნათქვამია დოკუმენტში. 

შესყიდვის ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2012 წელს გაფორმებული კონტრაქტით საბაგირო გზის ტექნოლოგიური ნაწილი უკვე წარმოებულია და მასში თანხაც არის გადახდილი. თუმცა აღნიშნული მასალები საქართველოში საბაგიროს კონსტრუქციის დაუმთავრებლობის გამო არ გამოგზავნილა და ის შვეიცარიასა და ავსტრიაში კომპანია Doppelmayr-ის საწყობებში ინახებდა. ამასთან, რვა წლის განმავლობაში უფუნქციოდ ყოფნის გამო, საბაგიროს ზოგიერთი დეტალი შესაძლოა უკვე ამორტიზებული იყოს, რის გამოც მათი ხელახალი შემოწმება და აუცილებლობის შემთხვევაში თავიდან წარმოება შეიძლება გახდეს აუცილებელი. 

"საბაგიროს პროფილის ცვლილებამ გამოიწვია იმის აუცილებლობა, რომ უნდა გადაკეთდეს უკვე შესყიდული საბაგიროს ტექნოლოგიური ნაწილი და დამზადდეს ახალი დეტალები, რათა ის გამოყენებადი იყოს ახალ ლოკაციაზე. თუმცა, საბაგირო გზის ტექნოლოგიური ნაწილი უკვე წარმოებულია (2012 წ.) და დასაწყობებულია ვულფურტში (ავსტრია) და ოლტენში (შვეიცარია), კომპანია ,,Doppelmayr Seilbahnen GmbH“ ვეღარ იძლევა სრულფასოვან გარანტიას საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი დეტალების გამართულ ფუნქციონირებაზე და გვთავაზობს განხორციელდეს ტექნოლოგიური ნაწილის სრულფასოვანი კვლევა, რის შედეგადაც იგი გასცემს შესაბამის დასკვნას, ხოლო პრობლემების არსებობის შემთხვევაში, გასცემს რეკომენდაციას მათი აღმოფხვრის საშუალებების შესახებ. შესაბამისად, შესაძლებელია საბაგირო გზის ტექნოლოგიური ნაწილის დიდი ნაწილი კვლავ გამოყენებადი იყოს და აღარ გახდეს ახლის შეძენა საჭირო. დამატებით მოგახსენებთ რომ, “Dopplemayr Seilbahnen GmbH” – თან 2012 წლის 5 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების სრული ღირებულება (4 064 300 ევრო) ანაზღაურებულია მომწოდებლისათვის, რაც ავტომატურად გულისხმობს რომ მომავალი საპროექტო სამუშაოების თუ ტექნოლოგიური ნაწილის ნებისმიერი ცვლილება ან/და ახლის დამზადება უნდა განხორციელდეს კომპანია “Dopplemayr Seilbahnen GmbH” – თან,"- ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ხელს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი აწერს.