29.ნოემბერი .2020 23:15

83 წლის ბებოს შეკერილ სამოსზე მზარდი მოთხოვნის გამო, „უნიკმა“ სამკერვალო საწარმო გახსნა

83 წლის ბებოს შეკერილ სამოსზე მზარდი მოთხოვნის გამო, „უნიკმა“ სამკერვალო საწარმო გახსნა
views 3904
უკან

ქართული საბავშვო სამოსის ბრენდ "Uniki • უნიკის" სამოსის გაყიდვები, პანდემიის ფონზე გაიზარდა.

როგორც bm.ge-ს „უნიკის“ დამფუძნებელი, მაგდა ზაქარიშვილი უყვება, სამოსის შექმნის იდეა შვილის გაჩენის შემდეგ გაუჩნდა, როცა მაღაზიაში შესაბამისი კომფორტული და ლამაზი სამოსის შეძენა ვერ შეძლო.

„უნიკის“ სამოსს მისი და მისი დის დიზაინით თავდაპირველად 83 წლის ბებო კერავდა, თუმცა ამჟამად ზაქარიაშვილებმა გრანტის მოპოვება შეძლეს და კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში საკუთარი საწარმოც გახსნეს, სადაც 4 ადგილობრივს ასაქმებენ და ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნის გამო თანამშრომლების რაოდენობის გაზრდასაც გეგმავენ.

„ძირითადი მიმართულება არის კომბინიზონები და მოკლე რომპერები, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე ვაპირებთ დავამატოთ კაბები, ორეულები და აქსესუარები. კერვით მე არ ვკერავ, არ გამომდის. თავდაპირველად ვსარგებლობდით სხვა სამკერვალოს მომსახურებით, თუმცა უკვე ორი კვირაა გავხსენით სამკერვალო ჩვენ სოფელში, სადაც ამ ეტაპზე გვყავს ორი მკერავი, ერთი დამხმარე და ერთიც სტაჟიორი, რომელიც სწავლობს და მასაც დავასაქმებთ. სამკერვალოს გახსნა შევძელით გრანტის საშუალებით“, - ამბობს ზაქარიაშვილი.

რაც შეეხება გაყიდვებს, მისი თქმით, ტენდენცია საკმაოდ მზარდია. უკვე მეორე წელია, რაც „უნიკი“ შეიქმნა და წარმოებაც და გაყიდვებიც იზრდება ყოველთვიურად. ამ ეტაპისთვის პირველ წელთან შედარებით გაყიდვები დაახლობით ათჯერ არის გაზრდილი.

„პროდუქტზე არსებულ მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებდით, ამიტომ გავხსენით საწარმო და მის გაფართოებასაც ვგეგმავთ“, - ამბობს „უნიკის“ დამფუძნებელი.

მაგდა ზაქარიაშვილის თქმით, „უნიკის“ გაყიდვებს პანდემია კარგად დაეტყო, რადგან ადამიანები ონლაინ გაყიდვებზე არიან ორიენტირებული და შესაბამისად, მოთხოვნაც დიდია.

“უნიკის“ დამფუძნებლის თქმით, ნელ-ნელა მათ მიერ შექმნილ პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება როგორც ქართული ონლაინ-პლატფორმების, ისე მაღაზიების მხრიდან, რომლებიც პროდუქტს საზღვარგარეთ ყიდიან, შესაბამისად, ქართული ტანსაცმელი სავარაუდოდ საზღვარგარეთაც გაიყიდება, თუმცა მაგდა ზაქარიაშვილის თქმით, ეს დამოკიდებულია პანდემიის დასრულებაზე, რადგან საჭიროა მასალების ყიდვა, გაყიდვის ორგანიზება და წარმოების გაზრდა.

„ერთი გრანტი უკვე მივიღეთ, ეს იყო რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამა, რომელიც USAID „ზრდა პროექტის“ ფარგლებში ასოციაციის, სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ტარდებოდა. ახლა ვმონაწილეობთ „აწარმოე საქარველოს“ მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროექტში, მეორე ეტაპზე გადავედით. ეს გრანტი საშუალებას მოგვცემს შევიძინოთ ისეთი დანადგარები, რაც საშუალებას მოგვცემს მომხმარებელს უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია შევთავაზოთ, დავამატოთ სამუშაო ადგილები, რომელიც სოფლებში ასე ძალიან ჭირს და კიდევ უფრო განვავითაროთ დაწყებული საქმიანობა“, - განაცხადა მაგდა ზაქარიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა