მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

840 000 თვითდასაქმებულიდან სახელმწიფო დახმარებას მხოლოდ 30% მიიღებს

5ea7de82983b1
სალომე მეცხვარიშვილი
27.04.20 19:00
3185
საქართველოში 840 ათასი თვითდასაქმებულია, სახელიმწიფოსგან დახმარებას კი 30% მიიღებს. საუბარია 300 ლარიან ერთჯერად დახმარებაზე, რომელიც მთავრობამ კორონავირუსისგან დაზარალებულ თვითდასაქმებულებს უნდა ჩაურიცხოს. პროგრამის ბიუჯეტი სულ 75 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას მხოლოდ 250 ათასი ადამიანი მიიღებს. გასაგებია რომ რესურსი შეზღუდულია, თუმცა მთავრობას არ განუმარტავს, რას უპირებს სხვა მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფოს დახმარების მიღმა დარჩებიან.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ განსაზღვრავს სახელმწიფო ვის უნდა ჩაურიცხოს დახმარება?- ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რამდენადაც თვითდასაქმებულების დიდ ნაწილს გაუჭირდება დადასტურება, რომ დასაქმებული იყო. ვინ არიან თვითდასაქმებულები - ამას საქართველოს სტატისტიკის სამსახური განსაზღვრავს, თუმცა, უწყება სტატისტიკის წარმოებისას გამოკითხვებს ატარებს და არანაირ დოკუმენტაციას არ ითხოვს.

“როგორც წესი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოკითხივისას არანაირ დოკუმენტაცაის არ ითხოვს, ის ეყრდნობა რესპონდენტის მიერ სიტყვიერად მიღებულ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება სტატუსი. აქვთ თუ არა მათ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია არ გვაქვს, ამიტომ ვფიქრობ, ბევრ მათგანს გაუჭირდება მსგავსი ტიპის დოკუმენტაციის წარმოდგენა”,- აცხადებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღავნელი გოგიტა თოდრაძე.

ვინ ითვლებიან თვითდასაქმებულებად?

გოგიტა თოდრაძე განმარტავს, რომ თვითდასაქმებულთა კატეგორია განმარტებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომლის თანახმად, თვითდასაქმებულად ითვლება ადამიანი, რომელიც საკუთარ საწარმოში ან მეურნეობაში მუშაობს და გააჩნია გარკვეული მოცულობის საკუთარი შემოსავალი.

რომელ სექტორშია ყველაზე მეტი თვითდასაქმებული?

გოგიტა თოდრაძის თქმით, საქართველოში თვითდასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია სოფლად, საკუთარ ფერმერულ მეურნეობაში, აქვს მიწის ნაკვეთი, ან ჰყავს პირუტყვი, რომლიდან მიღებულ პროდუქციასაც იყენებს როგორც საკუთარი მოხმარებისთვის, ისე გასაყიდად. თვითდასაქმებულთა კატეგორიას ასევე მიეკუთვნება ტაქსის მძღოლები, რეპეტიტორები და ა.შ.

“დღეის მდგომარეობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან, რომელიც მილიონ 690 ათასს შეადგენს, აქედან დაახლოებით 50%, 840 ათასი პირი, გახლავთ თვითდასაქმებული, მაგრამ თუ თვითდასაქმებულთა სტრუქტურას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დასაქმებულთა 75-80% არის სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული, 8% დაკავებულია ვაჭრობით, 5% სამშენებლო საქმიანობას ახორციელებს, დანარჩენი მოდის ტაქსის მძღოლებზე, რეპეტიტერობზე სხვადასხვა კვალიფიკაციის მუშებზე და ა.შ.”,- აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი გამარჩეული ქვეყანაა თვითდასაქმებულთტა მაღალი წილით მთლიან დასაქმებულებში.

“ეს მაშინ, როცა ევროაკვშირის ქვეყნებში 15%-ია თვითდასაქმბეულთა რაოდენობა, შედარებით მაღალია საბერძნეთში ეს მაჩვენებელი - 33%, მაგრამ დანიაში 8%-ის ფარგლებშია, აშშ-ში კიდევ უფრო დაბალია 5-6%-ის ფარგლებში”,- ამბობს გოგიტა თოდრაძე.

როგორ უნდა მიიღოთ თვითდასაქმებულის სახელმწიფო დახმარება?

თვითდასაქმებულებმა 300-ლარიანი დახმარების მისაღებად სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. თვითდასაქმებულებს განაცხადის შევსება კომპენსაციისთვის 21 მაისიდან 1 ივნისამდე შეეძლებათ. დამატებითი დეტალებისთვის, ეწვიეთ ლინკს: https://bm.ge/ka/article/tvitdasaqmebulebs-ganacxadis-shevseba-kompensaciistvis-21-maisidan-1-ivnisamde-sheedzlebat-/54988