მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 აგვისტოს ქუთაისში “ლუკა პოლარე” ახალ ფილიალს ხსნის - ინვესტიცია 200 000 ლარია

610f85da4c326
ვიქტორია მღებრიშვილი
08.08.21 12:24
13459
კაფე-სანაყინეების ქსელი “ლუკა პოლარე” 200 000 ლარის ინვესტიციით, 9 აგვისტოს, ქუთაისში პირველ ფილიალს ხსნის.

Როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიაში განმარტავენ, საქარათველოში ქუთაისი მეხუთე ქალაქია, სადაც “ლუკა პოლარე” იქნება წარმოდგენილი. დიდი ფორმატის კაფე-სანაყინე სტუმრებს სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს, რომლითაც ყოველდღიურად “ლუკას პოლარეს” ბათუმის წარმოებიდან მომარაგდება. Მათივე ინფორმაციით, “ლუკა პოლარეს” ახალ ფილიალში 10-მდე ადგილობრივი დასაქმდება, რომლებმაც შერჩევის შემდეგ გადამზადების კურსი თბილისის ფილიალებში გაიარეს.

“ლუკა პოლარეს” დირექტორი თეა თაბაგარი აღნიშნავს, რომ კომპანია გასული, რთული წლისა და პანდემიის მიუხედავად რეგიონალურ გაფართოების გეგმას მიყვება და მიმდინარე წელს, რუსთავის შემდეგ, ქუთაისი მეორე ქალაქია, სადაც “ლუკა პოლარეს” ფილიალი გაიხსნება.

„რთული წლის შემდეგ, გვეამაყება ასეთი სიახლის დაანონსება. კომპანიის მიმდინარე წლის სტრატეგიული გეგმა რეგიონალურ გაფართოებას დაეთმო და გეგმის შესრულება, პირველი კვარტალში, რუსთავის ფილიალის გახსნით დავიწყეთ, რომელიც წარმატებით ფუნქციუნირებს. ახლა ქუთაისის ჯერიც დადგა, რომელიც დარწმუნებულები ვართ, ასევე ერთ-ერთი ფავორიტი ფილიალი გახდება”, - ამბობს თეა თაბაგარი.

“ლუკა პოლარეს” პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი კი აღნიშნავს, რომ კომპანიამ 2020 წელი ფაქტობრივად პანდემიასთან ადაპტაციას და არსებულის შენარჩუნებას დაუთმო, ამიტომაც ქსელის გაფართოების გეგმები 2021 წლიდან განაახლა.

“ქუთაისში ფილიალის გახსნა წლების განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა, ერთი მხრივ იმიტომ, რომ ჩვენი სტრატეგიული გეგმა რეგიონში აქტიურ გაფართოებას ითვალისწინებს და მეორე მხრივ ქუთაისი, მოთხოვნიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქალაქია. ქუთაისში ჩვენი გამოჩენით ბევრ ჩვენს გულშემატკივარს გავახარებთ, რომლებიც წლების განმავლობაში პეტიციებსაც კი აგროვებენ და “ლუკა პოლარეს” ქუთაისში გახსნის მოთხოვნით სოციალური ქსელებში ჯგუფებს ქმნიდნენ. გვიხარია, რომ მათ თხოვნას ვასრულებთ. ფილიალს საზეიმოდ მოწვეულ სტუმრებთან ერთად გავხსნით, სტუმრების განწყობაზე კი მოძრაობის თეატრი და ჩვენი ლუკა-დათვი იზრუნებენ”, - უთხრა BM.GE-ის ანი ციცქიშვილმა.

ცნობისთვის: კაფე-სანაყინეების ქსელი “ლუკა პოლარე” დღეისთვის მომხმარებელს 70-მდე სახეობის ადგილობრივი წარმოების ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი საქართველოს ბაზარზე უკვე 13 წელია ოპერირებს და საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში 13, ბათუმში - 4 , ქობულეთში - 1 , რუსთავში - 1 და ქუთაისში - 1 ფილიალით.