16.ივნისი .2020 11:58

9 ძირითადი მიგნება და 5 რეკომენდაცია ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე - TI-ის ანალიზი

views 365
უკან

COVID-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 ივნისს პარლამენტში „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის ცვლილების პროექტი წარადგინა.
„საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველომ“ პროექტის ანალიზი და რეკომენდაციები წარმოადგინა.

ძირითადი მიგნებები

• მთავრობის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. „მსოფლიო ბანკი” საქართველოს ეკონომიკის 4.8%-იან კლებას პროგნოზირებს. ჩვენს რეგიონში მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასაც თუ გავითვალისწინებთ, ჩვენი შეფასებით, ეკონომიკის 4%-იანი ზრდა ოპტიმისტური მოლოდინია;

• 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 3.9 მლრდ ლარით იზრდება და 18.4 მლრდ ლარს მიაღწევს. ბიუჯეტის ნაწილი ხდება StopCoV ფონდში მობილიზებული 133.5 მლნ ლარი, რაც, სწორი გადაწყვეტილებაა. ცალკე აღებული საგადასახადო შემოსავლები 1.5 მლრდ ლარით მცირდება, რაც ეკონომიკის შემცირებით და საგადასახადო შეღავათების დაწესებით არის განპირობებული;

• მოქმედ ბიუჯეტში 547 მლნ ლარის ეკონომია გაკეთდა. მთავრობას მეტი ეკონომიის გაკეთება შეეძლო. მსხვილი თანხები დაიზოგა მხოლოდ იმ პროგრამებიდან, რომელთა განხორციელება რეალურად პანდემიამ შეაფერხა და გამოყოფილი თანხების ათვისება ვეღარ მოხდებოდა. ყველაზე მეტად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (251 მლნ ლარით), განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (128 მლნ ლარით) და თავდაცვის სამინისტროს (75 მლნ ლარით) ხარჯები მცირდება;

• 1.5 მლრდ ლარით იზრდება და 15.9 მლრდ ლარს მიაღწევს ბიუჯეტის გადასახდელები. 1 მლრდ ლარით იზრდება სოციალურ ხარჯები და ჯამში ამ მიმართულებით 5.3 მლრდ ლარი დაიხარჯება;

• სამი სამინისტროს ხარჯები ჯამში 1.7 მლრდ ლარით იზრდება. ესენია: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (1,152 მლნ ლარით), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (458 მლნ ლარით) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (128 მლნ ლარით).

• ადმინისტრაციული ხარჯები 115 მლნ ლარით იზრდება და 3 მლრდ ლარზე მეტი იქნება. შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა 22 მლნ ლარით მცირდება, მაგრამ 137 მლნ ლარით იზრდება საქონლის და მომსახურების შეძენის ხარჯი. ზრდა პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებამ განაპირობა.

• 2020 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 4.3 მლრდ ლარი იქნება, რაც პროგნოზირებული მშპ-ის მიმართ 8.4%-ია. მოქმედ ბიუჯეტში ანალოგიური მაჩვენებელი მშპ-ის 3.2%-ია.

• 2020 წელს საქართველოს მთავრობა 8 მლრდ ლარზე მეტ ვალს აიღებს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. წლის ბოლოს მთავრობის ვალი 27.6 მლრდ ლარს, პროგნოზირებული მშპ-ის 54.8% მიაღწევს. 2020 წელს აღებული ვალიდან 2.5 მლრდ ლარს მთავრობა წელს არ დახარჯავს. აღნიშნული თანხა ბიუჯეტის ნაშთზე დაირიცხება;

• მთავრობა გეგმავს დამატებით აღებული საშინაო ვალიდან 600 მლნ ლარი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში განათავსოს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ბანკების სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებაა. მთავრობა ცალსახად ითავსებს ეროვნული ბანკის ფუნქციას - მიაწოდოს ბანკებს ლიკვიდობა.

რეკომენდაციები

• მთავრობამ ეკონომიკური ზრდის და ბიუჯეტის ალტერნატიული სცენარები უნდა წარმოადგინოს. რაც გულოსხმობს იმას, რომ უნდა ვიცოდეთ, როგორ შეიცვლება ბიუჯეტი, თუ ქვეყნის ეკონომიკა 4%-ზე მეტად შემცირდება;

• მთავრობამ მოქმედი ბუჯეტიდან გაცილებით მეტი თანხა უნდა დაზოგოს. პირველ რიგში, ეს ეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს. მთავრობამ უნდა წარმოადგინოს ჩაშლილი გეგმა, თუ რა თანხაა გათვალისწინებული 2020 წელს მივლინებებზე, წარმომადგენლობით ხარჯებზე, შტატგარეშედ დასაქმებულებზე, ავეჯის, საწვავის და სხვა საქონლის და მომსახურების შეძენაზე;

• მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამების ნაწილის აუცილებლობა კითხვებს აჩენს. პირველ რიგში ეს ეხება იპოთეკური სესხების დაფინანსების პროგრამას. როდესაც უმუშევრად დარჩენილების ნაწილმა საერთოდ თანხა ვერ მიიღო, ან სოციალურად დაუცველებს სათანადოდ ვერ ვეხმარებით, რატომ ვუფინანსებთ საშუალო და მაღალშემოსავლიან მოსახლეობას სახლების ყიდვას;

• ბანკების სუბსიდირებაზე უარის თქმით, მთავრობას 600 მლნ ლარით ნაკლები საშინაო ვალის აღება შეუძლია. მაშინ, როდესაც მთავრობის ვალი დაშვებულ ზღვარს უახლოვდება და ქვეყნის ფისკალური სისტემა გაცილებით მოწყვლადი ხდება მომავალში მოსალოდნელი ეკონომიკური შოკების წინააღდეგ, მთავრობამ არ უნდა დაასუბსიდიროს ბანკები და არ უნდა შეითავსოს ეროვნული ბანკის ფუნქცია, რაც ბანკებისთვის გრძელვადიანი ლიკვიდობის მიწოდებაში გამოიხატება;

• აუცილებელია ბიუჯეტის რეალური დეფიციტისა და მთავრობის ვალის ტვირთის შემცირება, რათა ქვეყანა უფრო მდგრადი გახდეს მოსალოდნელი, თუ მოულოდნელი ეკონომიკური გართულებების წინაშე.

TI-ის სრული ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა