მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში საქართველოში $728 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, მატება 3.2%-ია

61b1adbe86441
შოთა ტყეშელაშვილი
09.12.21 11:20
615
საქსტატმა დღეს 2021 წლის 9 თვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში $728.4 მილიონის ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.2%-ით მეტია. 

FDI-ს შორის $613 მილიონი არა ახალ ინვესტიციებზე, არამედ "რეინვესტიციებზე" მოდიოდა. შესაბამისად, წელს რეინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიციებში 84% იყო. ასეთივე მაღალი იყო რეინვესტიციები 2020 წელსაც და ის ინვესტიციების ნაკადის 80%-ზე მეტს შეადგენდა. 

2020 წელს საქართველოში პანდემიური კრიზისი და ეკონომიკური აქტივობის ვარდნა იყო. თუკი წლევანდელ ინვესტიციებს 2019 წლის მაჩვენებელს შევადარებთ, დავინახავთ რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ის $233 მილიონით, ანუ 24.3%-ით ნაკლებია. 

წელს ინვესტიციების მხრივ პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა, საიდანაც $271.1 მილიონი შემოვიდა. თუმცა, საქართველოს სამი უმსხვილესი კერძო საფინანსო ჰოლდინგი "თიბისი" "საქართველოს ბანკი" და "საქართველოს კაპიტალი" სწორედ ბრიტანეთში არის რეგისტრირებული და მაღალი ალბათობით, ბრიტანული FDI-ს ნაწილი სწორედ მათ აქტივობებს ასახავს. 

მეორე ადგილზეა ნიდერლანდები, საიდანაც $106.4 მილიონი შემოვიდა. ამ შემთხვევაშიც, არაერთი მსხვილი ქართული კომპანია ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელობაშია და ინვესტიციები მათ საქმიანობას ასახავს. 

მესამე ადგილზეა ჩეხეთი, საიდანაც FDI-ს სახით $81 მილიონი შემოვიდა. $75.6 მილიონით მეოთხე პოზიციას თურქეთი იკავებს. რუსეთი კი $53.3 მილიონით მეხუთე ადგილზეა. 

სფეროების მიხედვით, წელს ყველაზე მეტი თანხა $324.5 მილიონი საფინანსო სექტორში ჩაიდო. მეორე ადგილზე $175.5 მილიონით ენერგეტიკაა, $131 მილიონი ჩაიდო დამამუშავებელ მრეწველობაში, $40.6 მილიონი უძრავ ქონებაში, ჯანდაცვაში კი $24.9 მილიონი. მშენებლობის მიმართულებით ინვესტიციებმა $15.6 მილიონი შეადგინა.

გამავალი ინვესტიციებია კავშირგაბმულობასა და სამთო მრეწველობაში. კერძოდ კავშირგაბმულობაში ინვესტიციაა მინუს $59 მილიონი, სამთო მრეწველობაში კი მინუს 25.2 მილიონი. ასეთი ცვლილება საქსტატის მეთოდოლოგიის მიხედვით, აქტივების უცხოელიდან ქართველ მფლობელზე გადასვლას უკავშირდება.