მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ უნდა შევქმნათ საერთაშორისო მნიშვნელობის საფონდო ბირჟა და კაპიტალის ბაზარი - ხაზარაძე

60b09e32deb90
ინგა მურუსიძე
28.05.21 22:00
1851
ჩვენ უნდა შევქმნათ საერთაშორისო მნიშვნელობის საფონდო ბირჟა აქ და უნდა შევქმნათ კაპიტალის ბაზარი, - ამის შესახებ დეპუტატმა, პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ #BMGDRIRE-ში სტუმრობისას განაცხადა.

„თუ არ შევქმენით კაპიტალის ბაზარი, ქვეყანაში გრძელვადიანი ფული არ გვექნება, თუ არ იქნება გრძელვადიანი ფული, არ იქნება დაფინანსებული კომპანიების კაპიტალი. ჩვენი ქვეყანა არის undercapitalized სახელმწიფო. ბიზნესისთვის ერთადერთი დაფინანსების წყარო არის ბანკი. ხოლო ბანკი ვერანაირად ვერ იქნება რისკის მატარებელი ინსტიტუტი, რადგან იქ ინახება ხალხის ფული.

სწორედ ამ აგრეგატის შექმნაზეა ლაპარაკი, რომ ეს ხდებოდეს არა ნაცნობობით, არამედ საქმიანად. შენ რომ გქონდეს კარგი იდეა და გჭირდებოდეს ინვესტორი, სად უნდა მოიძიო? მე მიცნობ და მეტყვი, ვინმე ხომ არ არის დაინტერესებული მსგავს ბიზნესში ფულის ჩადებით? დაიკარგება თვეები ძიებაში და შედეგი არ იქნება. შენ უნდა გქონდეს საშუალება, რომ იდეა ბაზარზე გაყიდო და ბაზარზე შემოგიერთდეს როგორც საცალო მომხმარებელი, ისე რამდენიმე მსხვილი ინვესტორი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ლიდერი ამბობს, რომ საქართველომ ბირჟის შესაქმნელად უნდა ჩამოიყვანოს ამ კუთხით მსოფლიო ვარსკვლავები. „მაგალითად მე მყავს პარტნიორი, რომელმაც დააფუძნა სინგაპურის საფონდო ბირჟა და იყო ამ ბირჟის დირექტორი 25 წელი. ლისის ერთ-ერთი ინვესტორიც იყო. ასეთი დონის ადამიანები უნდა მოიწვიო, თუ გინდა, რომ სწრაფად განვითარდეს“, - აღნიშნა მან.

დეპუტატის თქმით, კომპანიები უნდა გავიდნენ ბირჟებზე, სადაც მოქალაქეები, კომპანიები, უცხოელები იქნებიან თანამფლობელები, ეს გამოიწვევს გამჭვირვალობას, ბიზნესის მომგებიანობას, ახალი კორპორატიული მართვის ჩამოყალიბებას და ა.შ.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის სხვა მექანიზმი ამ ეტაპზე არ არსებობს.

„საინტერესო მექანიზმი არის ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების ზრდა, რაც ჩვენს ქვეყანაში წარმოუდგენელია, რადგან ღარიბი ქვეყანა ვართ, რაოდენობითაც ცოტა ვართ, ექსპორტზე არ ვართ ორიენტირებული და საბადოები არ გვაქვს, რომელსაც გავყიდით. ამიტომ გვაქვს ერთი გზა, გავხდეთ ფინანსური მიზიდულობის ცენტრი, ამისათვის საჭიროა ფინანსური ინსტიტუტების, ეროვნული ბანკის და მთელი ამ საკრედიტო დაწესებულებების დაყოფა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეროვნული ბანკი იყოს ფასიანი ქაღალდების მართვის ზედამხედველი, ამას უნდა ჰყავდეს ცალკე მარეგულირებელი და ამას სჭირდება სერიოზული საკანონმდებლო უზრუნველყოფა“, - განაცხადა ხაზარაძემ.