მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აა პლასტი": დასაქმებულთა რიცხვი 70-დან 5-მდე შევამცირეთ, შესაძლოა დავიხუროთ

5e80526900b72
ანი ციხისთავი
29.03.20 20:08
2351
“ჩვენს საწარმოში 70 ადამიანი იყო დასაქმებული. კორონავირუსის გამო თანამშრომელთა რიცხვი 5 ადამიანამდე შევამცირეთ, რომლებიც პერიოდულად, შეკვეთების დროს მუშაობენ”,- ამის შესახებ Bm.ge-ის ბიოდეგრადირებადი პარკების მწარმოებელი კომპანია “აა პლასტის” იურისტმა მელიტა პატარიძემ განუცხადა.

პატარიძის თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე საწარმომ მოასწრო და წინასწარ მოამარაგა დიდი დამკვეთები.“ველოდებოდით უკვე მსგავს ვითარებას, ამიტომ ძალიან დიდი შეკვეთები დავამზადეთ”,- აღნიშნავს მელიტა პატარიძე.

კომპანიის იურისტის თქმითვე, დღეს საწარმო მუდმივ რეჟიმში არ მუშაობს. “ვმუშაობთ მხოლოდ დაკვეთების შემთხვევაში. ჩვენ ვამარაგებთ როგორც სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, ასევე საავადმყოფოებსაც და რადგან ჩვენ მათ ვჭირდებით, ამიტომ არ დავხურეთ საწარმო მთლიანად.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ახსნა, რომ თავყრილობის შეზღუდვა საწარმოებს არ ეხებათ, თუმცა ჩვენივე უსაფრთხოების მიზნით მივიღეთ შეზღუდული მუშაობის გადაწყვეტილება”,- აღნიშნავს პატარიძე.

მისი თქმითვე, კომპანიაში არ იციან სადამდე გაგრძელდება არსებული მდგომარეობა და შესაძლოა დაიხურონ კიდეც. “ამ ეტაპზე ჩვენ ისეთ ადამიანებს ვასაქმებთ, რომელთაც საკუთარი ავტომობილი ჰყავთ, რომ უსაფრთხოდ მოვიდნენ საწარმომდე. ასეთი დასაქმებული ბევრი არ არის, ამიტომ არ ვიცით, როდემდე შეძლებს ეს რამდენიმე ადამიანი მუშაობას”,- აცხადებს იურისტი.

მელიტა პატარიძის თქმით, საზღვრების ჩაკეტვის გამო კომპანიას ნედლეულის შეძენის პრობლემაც შეექმნა. "გარდა ამისა, ზოგიერთი ჩვენი დამკვეთი, რომლებსაც კონსიგნაციით ჰქონდათ ჩვენი პროდუქცია წაღებული, დაიხურა და მათ თანხას ვერ ვთხოვთ, რის გამოც, ჩვენ გვექმნება პრობლემები. კარგი ის არის, რომ საკრედიტო გადასახადი შეგვიჩერეს და ეს თანხები დასაქმებულთათვის ხელფასების ნაადრევად გადახდისთვის გამოვიყენეთ”,- აღნიშნავს “აა პლასტის” იურისტი.