მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აბა, ომი გინდათ” სწორი გზავნილია? - დავით სონღულაშვილის პასუხი

62a4cf2531b9b
თელარა გელანტია
12.06.22 00:05
3793
„საქართველომ არ უნდა დაუწესოს რუსეთს ინდივიდუალური სანქციები, მაგრამ კითხვაზე - უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ საერთაშორისო სანქციებს, ჩემი პასუხია, რომ უკვე შეერთებული ვართ. ამის არაჩვეულებრივი მაგალითია VTB ბანკი“, - ეს განცხადება BMGTV-ის გადაცემა „რედაქტ2“-თან ინტერვიუში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა გააკეთა.

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის და ე.წ. მესიჯბოქსის შეფასებისას ჟურნალისტმა ელენე კვანჭილაშვილმა დავით სონღულაშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- აღიარებთ თუ არა, რომ ხშირად პოლიტიკური მიზნები აზიანებს ეკონომიკურ მიზნებს - კონკრეტულ ფრაზას მოვიყვან - „აბა ომი გინდათ?“ – ეს გაზარალებთ თუ არა თქვენც, როგორც დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვისაც გარკვეულწილად პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ ინვესტიციები შემოვიდეს.

- ესაა უცხოელი ინვესტორებისთვის სიგნალი, რომ ქვეყანა არცერთ შემთხვევაში არ წამოეგება პროვოკაციაზე, არ ჩაერთვება ომში და ყველფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი ქვეყანა, რაც ასევე ძალიან კარგი მესიჯია ინვესტორებისთვის, რომ გააგრძელონ ინვესტირება...

- „აბა, ომი გინდათ“ სწორი გზავნილია, თქვენი აზრით?

- ესაა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, თორემ ჯამში, თუ გვინდა, რომ ქვეყანა სწრაფად განვითარდეს, ალბათ ეკონომიკა არის ერთადერთი, სადაც პოლიტიკა ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს.



„რედაქტ2“-თან ინტერვიუში დავით სონღულაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზეც ისაუბრა: სტატუსის მოცემით ქვეყანა გადავა ნდობის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე და უფრო მეტად მიმზიდველი იქნება ინვესტორებისთვის, რაც უფრო მეტი ბიზნესის შემოსვლას შეუწყობს ხელს ქვეყანაში და ეს, ბუნებრივია, აისახება ეკონომიკის ზრდაზე“.