მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბაშაში 650 ათასი ლარის ინვესტიციით ლოკოკინების ფერმა გაშენდა - კომპანიის გეგმები

5f3a6a81e0154
ვიქტორია მღებრიშვილი
17.08.20 17:00
5494
აბაშაში ნაყინის მწარმოებელი კომპანია „აისბერგის“ დამფუძნებლებმა ლოკოკინის ბიზნესში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს და სოფელ ონტოფოში 650 000 ლარის ინვესტიციით ლოკოკინების ახალი ფერმა გააშენეს.

ფერმა, როგორც კომპანიის დირექტორი სიმონ კაჭარავა BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, 1.5 ჰა-ზეა გაშენებული, გვერდით კი 2 ჰა-ზე ლოკოკინის საკვებად აუცილებელი სიმინდი გაშენდა.

„ლოკოკინების ფერმის გაშენების გადაწყვეტილება უფრო იმიტომ მივიღეთ, რომ მსოფლიო ბაზარი ჯერჯერობით ამ მხრივ არ არის ათვისებული და მხოლოდ 40%-მდეა დაკავებული. ჩვენ გვქონდა მიწის ნაკვეთი და საქართველოს ბანკის დახმარებით იაფი სესხით 300 000 ლარი ავიღეთ, ჯამში ფერმის მოწყობაზე 650 000 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ“, - განაცხადა სიმონ კაჭარავამ.

მისივე ინფორმაციით, ფერმის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით 4 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა და მასში 20-მდე ადამიანი იყო ჩართული, ხოლო სტაბილურად ფერმაში 10 ადამიანამდე იქნება დასაქმებული.

„აისბერგის“ დირექტორი ამბობს, რომ ფერმაში წარმოებული ლოკოკინების ექსპორტი იგეგმება, რომლის ორგანიზებას სოფელ ხიბულაში დღეისთვის უკვე მოქმედი კომპანია „ნადი გრუპი“ განახორციელებს.

„ლოკოკინების გატანას „ნადი გრუპის“ ქოლგის ქვეს ვგეგმავთ, რომელსაც ექსპორტის მიმართულებით გამოცდილება უკვე აქვს. მერაბ ნადარაიას ხელშეწყობით ლოკოკინას იტალიაში, საფრანგეთში, სინგაპურში გავიტანთ.

ვგეგმავთ, რომ გაზაფხულისთვის 25 ტონამდე ლოკოკინა გავიტანოთ ექსპორტზე. ასევე ვგეგმავთ 5-6 ტონამდე ლორწოს ექსპორტირებას“, - აცხადებს სიმონ კაჭარავა და დასძენს: „არ არის გამორიცხული რომ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციითაც დავინტერესდეთ, რადგან ლოკოკინის ბიზნესი საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება“.

ცნობისთვის, „ნადი გრუპის“ დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ ჯერ კიდევ იანვარში BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში ლოკოკინების ფერმების გაშენებას შეუწყობდა ხელს და რომ 2020 წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 20-მდე ასეთი ფერმის მოწყობა იგეგმებოდა.