მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბაშიძე კარასინთან შეხვედრაზე რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე დამატებით ცნობებს ელოდება

5e281c68a1e68
დავით ჯალაღონია
22.01.20 15:00
1054
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუს კოლეგასთან გრიგორი კარასინთან მორიგ შეხვედრას, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში გამართავს.

როგორც აბაშიძემ BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა, იგი ამ შეხვედრაზე ელოდება, რომ რუსული მხარე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე გარკვეულ ინფორმაციას მოისმენს.

"წინა შეხვედრაზე, ნოემბრის ბოლოს, მე მოვისმინე ასეთი ინფორმაცია, რომ ისინი ამაზე (საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგნაზე) ფიქრობენ და დაამატეს ისიც, რომ რაღაც კონკრეტული თარიღების დასახელება, თუ როდის უნდა მოხდეს, ნაადრევია. ამის შემდეგ, მედიაში მართლაც გაკეთდა რაღაც კომენტარები, მაგრამ ოფიციალური წყაროებიდან ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როდის ფიქრობენ ამის გაკეთებას, არ მიგვიღია.

მომავალ შეხვედრაზეც ალბათ, რაღაც დამატებითი ცნობები ამის თაობაზე იქნება. ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ არასწორად მიგვაჩნია და მიგვაჩნდა, რომ ფრენები შეჩერდა. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას მათი აღდგენის შესახებ, ჩვენ ამას მივესალმებით, მაგრამ ეს მათი პრეროგატივაა მთლიანად", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამავე თემაზე კომენტარი გუშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა გასული წლის 8 ივლისს შეწყდა. მას შემდეგ, გასული წლის ნოემბერში რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორ ქვეყანას შორის ფრენები სავარაუდოდ, 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება.