მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბასთუმანში 1000-მდე მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა 2023 წელს უნდა დასრულდეს

62e798c4e9039
მარიამ ვარადაშვილი
01.08.22 21:00
1119

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, აბასთუმანში ავტოსადგომის მშენებლობა მიმდინარეობს. ფონდის ცნობითვე, ავტოსადგომი ნაწილია პროექტისა, რომლის ფარგლებშიც აბასთუმანში სახიდე გადასასვლელის, ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება. პროექტი გასულ წელს დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2023 წლის იანვარში უნდა დასრულდეს. აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ჯამში 12,567,774 ლარი უნდა დაიხარჯოს. 

“ამ ეტაპზე, ხიდის მშენებლობა და პარკინგის ფილისთვის მომზადების ეტაპი მიმდინარეობს. ავტოპარკინგი გათვლილია 769 ავტომობილზე, მათ შორის: 113 ელექტრომობილისთვის, 20 შშმ პირისთვის და 10 ავტობუსისთვის”, - აცხადებენ ფონდში. 

აღსანიშნავია, რომ აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტის დაანონსებისას “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ განახლებულ აბასთუმანში მხოლოდ ელექტრომობილები ივლიდნენ. 

ეს ინფორმაცია BMG-სთან ინტერვიუში პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურმა მრჩეველმა სოსო ტყემალაძემაც  დაადასტურა და თქვა, რომ 2024 წლიდან აბასთუმანს “გადაკეტავენ” და მხოლოდ ელექტრომობილები იმოძრავებენ. 

რეგიონული განვითარების ფონდში BMG-ს უთხრეს, რომ ავტოსადგომი აბასთუმნის შესასვლელში მოეწყობა და იქ ელექტრომანქანების გარდა, სხვა ტიპის მანქანები განთავსდება. აქედან გამომდინარე, ჯერ უცნობია, რა სქემით მოხდება გადაადგილება კურორტზე. ამას გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქის განვითარების გეგმის ფარგლებში უკვე ჩატარებული სამუშაოების შესახებაც საუბრობს.

კერძოდ, ფონდის თანახმად, 2019-2020 წლებში  აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. 

2019 წელს შემუშავდა კი კურორტის განაშენიანების გენერალური გეგმა, ხოლო მისი უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინებისათვის, 2020-2022 წლებში, დასრულდა  კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია. ასევე, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია.