მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბასთუმნის ₾45-მილიონიანი შემოვლითი გზის მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება - სამინისტრო

62d7a79c0670c
ვიქტორია მღებრიშვილი
20.07.22 11:06
860
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, აბასთუმნის შემოვლითი გზა კურორტის სრული განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ამის შესახებ ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოების მონახულების შემდეგ განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობას აგრძელებს. მოცემულ ეტაპზე, შემოვლითი გზის 7 კმ-იან მონაკვეთზე 3 ახალი ხიდის მშენებლობა, მიწის სამუშაოები და საყრდენი კედლების მოწყობა მიმდინარეობს. ხელოვნური ნაგებობების 60% და მიწის სამუშაოები 95% უკვე დასრულებულია. 368 მეტრიანი გვირაბის ბურღვა უკვე 270 მეტრის სიღრმეში მიმდინარეობს.

შემოვლითი გზის მშენებლობა ავტოტრანსპორტის მოძრაობისგან განტვირთავს უნიკალურ კურორტს. ახალი გზით შენარჩუნდება არა მხოლოდ დაბის ეკოლოგიური მდგომარეობა, არამედ კავშირი ორ რეგიონს - იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს შორის. პროექტის ღირებულება 44.7 მილიონ ლარზე მეტია.

"მაღალი ტემპით მიმდინარეობს როგორც აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა, ასევე ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია. უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების გარდა, პროექტი მნიშვნელოვანია აბასთუმნის განვითარებისთვის. ამ გზის მშენებლობის შედეგად, აბასთუმანი-საირმეს გზაზე აღარ იმოძრავებს ტრანზიტული ტრანსპორტი, რაც კურორტის სრული განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

შემოვლითი გზის მშენებლობა, გრაფიკის შესაბამისად, 2023 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო ბაღდათი-აბასთუმნის გზის 20 კმ-ზე მეტის საფარი წელს მოეწყობა. საბოლოო ჯამში, აღნიშნული გზის მშენებლობის შედეგად, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობა, ნაცვლად 4 საათისა, 2.5 სთ-ში იქნება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც რეგიონებს შორის კავშირის განვითარებას, ასევე ტურისტების ნაკადების ზრდას“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ცნობისთვის: აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტი ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქციის პროექტის გაგრძელებაა, რომელიც გზის უსაფრთხოებისა ხარისხის ზრდასთან ერთად, ამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე (ვალემდე).

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აბასთუმნის შესასვლელში, 770-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის სამშენებლო სამუშაოებსაც აწარმოებს. ავტოსადგომი გათვალისწინებულია, მათ შორის, ელექტრომობილებისა და ავტობუსებისათვის.