მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აბჯარი“ - თებერვლის ბოლოს პირველი ქართული წარმოების კომპრესიული ტანსაცმელი გამოჩნდება

61f3d8b2eed84
ვიქტორია მღებრიშვილი
28.01.22 16:00
4098
საქართველოში თებერვლის ბოლოს „აბჯარის“ სახელწოდებით ქართველების მიერ შექმნილი კომპრესიული ტანსაცმელი გამოჩნდება. შედეგად სულ მალე საბრძოლო ხელოვნებით დაკავებულ სპორტსმენებს „აბჯარის“ ონლაინ გაყიდვის არხების მეშვეობით მაღალი ხარისხის ქსოვილისგან შექმნილი კომფორტული და უსაფრთხო სპეცტანსაცმლის ყიდვა შეეძლებათ.

BM.GE-სთან საუბრისას „აბჯარის“ დამფუძნებელი და კომპრესიული ტანსაცმლის წარმოების იდეის ავტორი ვალერიან დათუკიშვილი აღნიშნავს, რომ ბიზნესგეგმაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც ძიუდოდან გარკვეული მიზეზების გამო წამოვიდა. ქართული ბრენდის შექმნის პროექტი, დაახლოებით, 1.5 წლის განმავლობაში მუშავდებოდა და 2021 ზაფხულში „აბჯარი“ როგორც კომპანია დარეგისტრირდა. სტარტაპის წამოწყებისთვის იდეის ავტორს, დაახლოებით, 80 ათასი ლარის ინვესტიციის ჩადება მოუწია, რაც საერთაშორისო ბაზარზე სპეცტანსაცმლისთვის საჭირო, მაღალი ხარისხის სპეციალური ნაჭრის მოძიება-შეძენას და აუთსორსზე პირველი მოდელების დამზადებისთვის იყო საჭირო.

„ეს იქნება კომპრესიული ტანსაცმლის პირველი ქართული წარმოება. სამოსის ინოვაციურობა იმაში მდგომარეობს, რომ ქსოვილი კუნთებს მჭიდროდ ეკვრის და ვარჯიშის პროცესს უფრო პროდუქტიულს ხდის. ამასთან ფიზიკური აქტივობისას დისკომფორტი ნაკლებად ჩნდება. დღეისთვის 500 ერთეული კომპრესიული ტანსაცმლის წარმოება აუთსორსზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ერთ-ერთ მაღალტექნოლგიურ საწარმოში უკვე მიმდინარეობს და პირველი მოდელები საქართველოში თებერვლის ბოლოსთვის ჩამოვა“, - ამბობს ვალერიან დათუკიშვილი.

„აბჯარის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კომპანიამ საწყის ეტაპზე სპეცტანსაცმლის მცირე რაოდენობით წარმოება გადაწყვიტა, რათა პროდუქტზე არსებული მოთხოვნა შეაფასოს და საწარმოო მოცულობებიც ამის მიხედვით გაზარდოს. დღეს „აბჯარი“ სპეცტანსაცმლის შესაკერად საჭირო ნედლეულს ჩინეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყიდულობს. „ეს არის მაღალი ხარისხის, გამორჩეული სტრუქტურის და ელასტიურობის ნაჭერი, რომელიც ეკომეგობრულ სტანდარტებს აკმაყოფილებს“, - ამბობს დათუკიშვილი.

სპორტსმენებს ქართველების მიერ შექმნილი სპეცტანსაცმლის შეძენა 100-დან 270 ლარის ფარგლებში შეეძლებათ, თუმცა „აბჯარის“ გეგმებში, დაახლოებით, 1 წლის შემდეგ საწარმოო პროცესის საქართველოში გადმოტანა შედის, რაც პროდუქტს მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

ვალერიან დათუკიშივილი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ბიზნესგეგმის შესრულება გაუჭირდებოდა, რომ არა „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერა. ფინანსურმა ინსტიტუტმა მას საჭირო დროს, შესაფერისი საკრედიტო პირობები შესთავაზა და 50 000 ლარის ფინანსური მხარდაჭერით იდეის ხორცშესხმაში დაეხმარა.

„ბანკთან თანამშრომლობა 2021 წლის დეკემბრიდან დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი სტარტაპის დონეზე ოპერირებს, საქართველოს ბანკისთვის ეს პროექტი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ჩვენს შორის თანამშრომლობა მალევე შედგა. ჩვენთვის კი ბანკის მიერ მხარდაჭერის ფარგლებში საკრედიტო პირობები საკმაოდ ხელსაყრელი იყო“, - ამბობს „აბჯარის“ დამფუძნებელი.

სტარტაპერი არც კონკურენციას უშინდება და ადგილობრივი ბაზრის შემდეგ „აბჯრის“ ექსპორტზე გატანას ავსტრალიაში, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში გეგმავს. ვალერიან დათუკიშვილი ამბობს, რომ ბრენდი პოზიციონირებას მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომობით აპირებს. მანამდე კი საქართველოში „აბჯარის“ შეძენა თებერვლის ბოლოდან კომპანიის ვებგვერდის საშუალებით იქნება შესაძლებელი, რომელიც შემუშავების პროცესშია.