მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოზურგეთის რაიონის 49 სოფელში ინტერნეტიზაციის პროექტი განხორციელდება"

5f193ccd96b92
ინგა მურუსიძე
23.07.20 11:33
1824
ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაციის პროექტი განხორციელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, საყოველთაო ინტერნეტიზაცია არის კიდევ ერთი მოსაგვარებელი საკითხი, რაც კრიზისმა გამოავლინა.

„საკითხი, რაზეც დღეს ვიმსჯელებთ არის, ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია. ეს იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება. ეს არის გამოწვევა, რომელიც ჩვენ ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა. მაღალი ხარისხის ინტერნეტი თთოეულ ქართულ სოფელში - ეს არის ამოცანა, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ. ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობა ხდება იმისთვის, რომ ფერმერებმა იმუშაონ, ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ განათლება და ცხოვრების ჩვეულებრივი დონე, რომელიც არის ქალაქში, მივიტანოთ სოფლად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის პირველი ნაწილის უტენდეროდ განხორციელება იგეგმება. შესაბამისი გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულმა ა(ა)იპ “ოუფენ ნეტმა” მიიღო და 10 მილიონი ლარის შესყიდვის პირდაპირი კონტრაქტის გზით განხორციელებაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ნებართვა მოითხოვა.

თავის მხრივ, საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, დაახლოებით, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა იწყება. პროექტისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.

2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. მის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.

ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს კი, 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან უნდა ჰქონდეთ წვდომა.

მთავრობის სტრატეგიის თანახმად, პროგრამის განხორციელებისთვის თავდაპირველად ე.წ. “თეთრი ზონების” (დასახელებული ობიექტების, რომელთაც არ აქვთ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომა) დათვლა არის საჭირო. ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ამ დასახლებული პუნქტების რაოდენობა 1300-მდეა. სოფლების ზუსტი სიის მიღების შემდეგ, დაიწყება პროექტირების ეტაპი, რის შედეგადაც მისი ბიუჯეტი განისაზღვრება.

თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ განცხადება 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. როგორც დრო აჩვენებს, აღნიშნული განცხადება მცდარი აღმოჩნდა.