მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აჭარა გლემფინგის" პროექტის განხორციელება ფერხდება - რა ბარიერებს აწყდება ბიზნესი?

5f292f6e8c498
ვიქტორია მღებრიშვილი
04.08.20 23:00
2355
„აჭარა გლემფინგი“ ქედაში 300 000 ლარის ინვესტიციით ტურისტული ობიექტის გაფართოებას გეგმავს - ამის შესახებ BM.GE-ს „აჭარა გლემფინგის“ დამფუძნებელმა გიორგი თავართქილაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ტურისტული ობიექტის განვითარება ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ბიუროკრატიულმა გამოწვევებმა პროექტი შეაფერხა.

„განვითარების გეგმები გვაქვს, ვფიქრობთ, რამდენიმე განთავსების ადგილის დამატებას, რომელიც ასევე არასტანდარტული იქნება, თუმცა არა იგივე რაც ახლა გვაქვს, მაგრამ ამაში არა პანდემია, არამედ ბიუროკრატია და ინფრასტრუქტურული პრობლემები გვიშლის ხელს, რაშიც პროექტზე და ტყითსარგებლობაზე ნებართვის გაცემის სირთულეს და გაუმართავ ინფრასტრუქტურას ვგულისხმობ.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი აირი არ არის, ეს იმდენად არ გვაწუხებს. ჩვენთვის მთავარი პრობლემა სულ მცირე კვირაში 2-ჯერ ელექტროენერგიის გათიშვა და ინტერნეტის არ არსებობა წარმოადგენს.

ბევრი ისეთი პრობლემაა, რომელსაც ჩვენ ვერ ვაგვარებთ. გზა, წყალი, ელექტროენერგია და ა.შ. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და შესაბამისად ეს აფერხებს ჩვენი გეგმების განხორციელებას. ჩვენ გვაქვს ფინანსური წყაროები და ეს ფაქტორები კი ხელს გვიშლის“, - განმარტა გიორგი თავართქილაძემ.

მისი თქმით, ტურისტული ობიექტის გაფართოების დაწყება 2020 წლის დასაწყისში იგეგმებოდა.

„გაფართოებას ჯერ კიდევ 2020 წლის პირველ ნახევარში ვგეგმავდით, თუმცა პროექტის განხორციელების ნებართვა დღემდე არ მიგვიღია. მხოლოდ და მხოლოდ ამაზე ვართ დამოკიდებული, როდის განვახორციელებთ ჩვენს გეგმებს“, - აღნიშნავს ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, „აჭარა გლემფინგის“ გაფართოების პირველ და მეორე ეტაპზე ჯამში 300 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდება, რაც ტურიზმის სექტორის წარმომადგენელს საშუალებას მისცემს განთავსების ადგილების რაოდენობა 35-მდე გაზარდოს და დამატებით მინიმუმ 6-7 სამუშაო ადგილი შექმნას.