18.ოქტომბერი .2019 17:44

„აჭარა ტექსტილი" ქობულეთში დამატებით 1000 ადამიანს დაასაქმებს

views 605
უკან

„აჭარა ტექსტილი" ქობულეთში, სოფ ბობოყვათში თავის წარმოებას აფართოებს და დამატებით 2 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ახალი საწარმოს შენობის სამშენებლო პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. გაზრდილი ინვესტიციის ფარგლებში, „აჭარა ტექსტილის" სამივე საწარმოში, დამატებით 1000 ადამიანი დასაქმდება. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

საწარმო დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მოინახულეს. ადგილზე გაეცნენ საწარმოს რეინვესტიციის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს და კომპანიის სამომავლო გეგმებს.

„კომპანია 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს ჩვენს რეგიონში. მიხარია, რომ რეინვესტიციის საფუძველზე კიდევ უფრო გაფართოვდება ეს საწარმო და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება. სულ ახლახან მოხდა სახელფასო ფონდის გაუმჯობესება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული პირობები შრომისთვის" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბობოყვათში მდებარე საწარმოში სპორტული ტანსაცმელი მსოფლიოში წამყვანი სპორტული გუნდებისთვის (აიაქსი, არსენალი, ლიონი, მალაგა, ატლეტიკო მადრიდი, გალათასარაი) და სხვადასხვა ეროვნული ნაკრებისთვის (საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ხორვატია, შვეიცარია) იკერება.

ქართული ექსპორტიორი კომპანია შპს „აჭარა ტექსტილი" საფეიქრო მრეწველობის სფეროში 2008 წლიდან მოღვაწეობს. კომპანია წლების განმავლობაში უკვე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან როგორიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima, New Balance, Umbro, Under Armour და ა.შ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა