მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში კორონავირუსი კიდევ სამ პაციენტს დაუდასტურდა

5e78e2876425c
თამთა ჯიჯავაძე
23.03.20 20:16
2038
აჭარაში კორონავირუსი კიდევ სამ პაციენტს დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღის მანძილზე ბათუმის ინფექციურ კლინიკაში გადაყვანილი იყო ექვსი მოქალაქე, მათ შორის სამს დაუდასტურდა კორონავირუსი.

„დღეს ყველაზე ხშირად დასმული კითხვა იყო ერთ სასტუმროსთან დაკავშირებით, სადაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა ჩრდილოევროპის რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქე, მოგზაურობის ისტორიით. მას გამოფრენამდე თავის ქვეყანაში ჰქონდა ჩატარებული - ოღონდ ჩვენ არ ვიცით როგორი მეთოდით - კვლევა ამ ინფექციაზე და მიიღო რა დღეს დილით შეტყობინება, საეჭვო დადასტურებასთან დაკავშირებით, შეგვატყობინა და გადაყვანილი იყო ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში. ჩაუტარდა ტესტირება და აღმოჩნდა დადებითი. აქვე ვიტყვი, რომ იმ ქვეყანამ, რომელიდანაც ეს მოქალაქე არის, გამოთქვა სურვილი და აგზავნის სპეცრეისს თვითმფრინავის და გვიან ღამით ის დაბრუნდება თავის ქვეყანაში.

ასევე მეორე მოქალაქე, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ამერიკის და საქართველოსი, ამერიკაში მოგზაურობის ისტორიით... მას არანაირი ნიშანი არ ჰქონდა ამ ინფექციისთვის დამახასიათებელი, გადაყვანილი იყო თვითიზოლაციის რეჟიმზე და მკაცრად იცავდა და სრული მონიტორინგი ხორციელდება ეპიდემიოლოგების მიერ ამ მოქალაქეებზე, პირველივე ტემპერატურის დაფიქსირებისთანავე, ისიც გადაყვანილი იქნა კლინიკაში, მასაც დაუფიქსირდა COVID-19.

მესამე მოქალაქე, რომელიც სულ რამდენიმე საათის შემოსულია ქვეყნის ტერიტორიაზე, მასაც დაუდასტურდა ინფექცია უბრალოდ ახლა მისი მოგზაურობის ისტორიას სწავლობენ ეპიდემილოგები“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მისივე თქმით, ამ წუთისთვის ბათუმის ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში 6 პაციენტი არის მოთავსებული. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის.

ამასთან, ზაალ მიქელაძის განცხადებით, დღეს აჭარაში საკარანტინო ზონაში 1000-ზე მეტი, ხოლო თვითიზოლაციის ზონაში 100-ზე მეტი მოქალაქეა.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ საიტზე stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციით, საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსით დაინფიცირების 61 შემთხვევაა დადასტურებული.