მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის ბიუჯეტიდან ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაცია/მოვლაში ₾9 მლნ-მდე დაიხარჯა - აუდიტი

635d3ce554ae5
თამთა ჯიჯავაძე
29.10.22 19:08
588
ხაზინის მონაცემებით, 2021 წელს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გაწეულმა ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის საკასო ხარჯმა შეადგინა 8,857,420 ლარი, მათ შორის, საწვავ/საპოხი მასალების შეძენის ხარჯი შეადგენს 2,674,601 ლარს, ხოლო ექსპლუატაციის, სათადარიგო ნაწილების და მათი რემონტის ხარჯები – 2,203,169 ლარს. აღნიშნულის შესახებ საუბარია აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების 2021 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიშში, რომელიც აუდიტის სამსახურმა 28 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ტრანსპორტთან დაკავშირებული დანახარჯების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხარჯების შემცირება შესაძლებელია ავტოპარკის ოპტიმიზაციისა და რიგ შემთხვევებში, მიზანშეუწონელი დანახარჯების შემცირებით. ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტთან დაკავშირებული დანახარჯების მართვის ეფექტიანი შიდა კონტროლის მექანიზმის დანერგვა.

„აუდიტის შედეგად გამოვლინდა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემის ფაქტი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის, ასევე ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევა, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. შიდა კონტროლის სისტემის სისუსტის შემთხვევები გამოვლინდა აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებასთან დაკავშირებული ხარჯების შემოწმების დროს. კერძოდ, დაზიანებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომლის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტი დადგენილი წესით არ იყო დაფიქსირებული, ჩაუტარდა 3,720 ლარის ღირებულების სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები. შედეგად, აღდგენის ხარჯები არ ანაზღაურდა სადაზღვევო კომპანიის მიერ“ , - წერს აუდიტი.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ადრე ჩატარებული აუდიტების შედეგად გაიცა რეკომენდაცია, რომ მიზანშეწონილია, მთავრობამ შეიმუშაოს ტრანსპორტის მართვასთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა და ოპტიმიზაციის გეგმა, რომელიც გავრცელდება რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრულ ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაზე. აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ გეგმაზე მუშაობა მთავრობამ დაიწყო, თუმცა საბოლოო მარეგულირებელი დოკუმენტი ამ დროისათვის მომზადებული არ არის.