მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის ეკონომიკას ტურისტული სეზონის ფაქტობრივად გაუქმების გამო დიდი ზიანი ადგება-პრემიერი

5e8886fc03247
თელარა გელანტია
04.04.20 17:11
1491
„დღეის მდგომარეობით, აჭარის ეკონომიკას ტურისტული სეზონის ფაქტობრივად გაუქმების შედეგად ძალიან დიდი ზიანი ადგება“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმა აჭარის საგანგებო შტაბთან შეხვედრისას განაცხადა და შტაბს ტემპის და ხარისხის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

„თქვენ უნდა იცოდეთ ერთი რამ, აჭარაში რაღაც პერიოდის განმავლობაში, რაღაც რაოდენობით COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები გეყოლებათ. ვერავინ გეტყვით, ეს იქნება, ერთი თვე, სამი თვე, 6 თვე თუ ერთი წელი. ჩვენი ამოცანაა, ამ პროცესთან ადაპტაცია და მისი მართვა ისე, რომ სხვა თანმდევი პროცესები - სახელმწიფოს ფუნქციონირების, ბიზნესის, ეკონომიკის, ტურიზმის, ჩვეულებრივი სამოქალაქო ცხოვრების - ნელ-ნელა აღვადგინოთ.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ერთდროულად გავიმარჯვოთ ამ ორივე ფრონტზე - ჯანმრთელობა, ადამიანის სიცოცხლე და ეკონომიკა. მხოლოდ ჯანდაცვის ნაწილში წარმატებას არანაირი ფასი არ ექნება, თუ ჩვენ საბოლოოდ გავანადგურეთ ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ ამ ვირუსთან ბრძოლის ნაწილში უნდა გავიმარჯვოთ ისე, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკა და მას მივაყენოთ მინიმალური ზიანი.

დღეის მდგომარეობით, აჭარის ეკონომიკას ტურისტული სეზონის ფაქტობრივად გაუქმების შედეგად ძალიან დიდი ზიანი ადგება. მოთხოვნა-მიწოდების სტრუქტურა ქვეყანაში და გლობალურადაც შეიცვლება და ამისთვის ყველა მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი პირველი ამოცანაა, გავუმკლავდეთ ვირუსს და მეორე ამოცანაა, ეს გავაკეთოთ ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას და შევინარჩუნოთ ეკონომიკის სწრაფი ზრდის პოტენციალი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.